გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის შედეგად, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები სხვადასხვა განზომილებით მდიდრდება
აშშ-ში საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტის შედეგად, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები სხვადასხვა განზომილებით მდიდრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, აშშ-ში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი კონკრეტულ შედეგებსა და ნაბიჯებზე ორიენტირებული ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებით აღინიშნა.
„რეგიონში საქართველოს პოზიციიდან და აშშ-თან ჩვენი ურთიერთობების განსაკუთრებული ხასიათიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მნიშვნელობა იზრდება. აშშ-ში ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი კონკრეტულ შედეგებსა და ნაბიჯებზე ორიენტირებული ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებით აღინიშნა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დელეგაციისთვის უდიდესი პატივი იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის სტუმრობა მის პირად რეზიდენციაში, სადაც განხილული იყო საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკულად ყველა საკითხი. შედგა ძალიან ხანგრძლივი, დეტალური მოლაპარაკებები და მინდა, დიდი მადლიერების გრძნობით აღვნიშნო, რომ ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან გამოითქვა საქართველოსადმი მხარდაჭერის მზადყოფნა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა მიმართულებით. ეს გახლავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, როგორც საქართველოს ნატო-ში ინტეგრირების, ასევე – სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და ამ კუთხით საერთაშორისო ძალისხმევისა და აშშ-ის მაკონსოლიდირებელი როლის კიდევ უფრო გაძლიერება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფო მდივანი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ შეხვდა, რაც ასევე არის ქვეყნისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულება.
„ჩვენ ერთობლივი განცხადებებით გავხსენით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა, სადაც გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, მათ შორის მოწოდება რუსეთს ფედერაციის მიმართ, რომ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება აუცილებლად უნდა იყოს შესრულებული; დაფიქსირდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მზაობა. ეს ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ნატოს ბრიუსელის ივლისის სამიტის მოახლოების გათვალისწინებით და დიდი იმედი გვაქვს, ასევე კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, გაიმართა ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა კონგრესში, სენატში. შევხვდით წარმომადგენელთა პალატის წევრებს, სენატორებს და ყველას მხრიდან ერთხმად აღინიშნა განუხრელი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ვიზიტის პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომლებიც ეძღვნებოდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
„ჩვენ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე აღვნიშნეთ ძალიან დიდი მნიშვნელობა იმისა, რომ საქართველომ აშშ-თან დაიწყოს თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები. დღეს კონკრეტული შემდგომი ნაბიჯების შესახებ სპეციალურად არ მინდა განვაცხადო, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით მიღწეული იქნება პროგრესი. ასევე, უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში, სადაც საუბარი იყო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით აშშ-ის დახმარების კიდევ უფრო გაფართოებისა და გაძლიერების შესახებ. ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო, რაც ჩვენ ნამდვილად გვახარებს. მინდა, ვიზიტის მაღალ დონეზე მომზადებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს, პირადად ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს და საქართველოს ელჩს აშშ-ში დავით ბაქრაძეს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.