გიორგი კვირიკაშვილი - არ ვართ ილუზიაში, კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა
გიორგი კვირიკაშვილი - არ ვართ ილუზიაში, კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა

ჩვენ არ ვართ ილუზიაში, ძალიან კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილმა აჭარაში დევნილთა განსახლებისა და ეკომიგრანტების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ  440-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადასცა სახლები.

მისივე თქმით, ბათუმში დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის, 380-მდე ოჯახისთვის შენდება ორი 16-სართულიანი კორპუსი.

„ჩვენ ვაგრძელებთ ზრუნვას, რათა თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად მიუწვდებოდეს ხელი სახელმწიფო სერვისებზე. უკვე ფუნქციონირებს მუხაესტატეს და ჩაქვის საზოგადოებრივი ცენტრები. ასევე, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობას ვგეგმავთ დაბა შუახევში. ბათუმში აშენდა საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა, შენდება UEFA-ს სტანდარტების 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი და 3000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლე, ასევე დაგეგმილია ოლიმპიური აუზის მშენებლობა. 2018 წელს, მოგეხსენებათ, ბათუმი მასპინძლობს ევროპის ვაჟთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს ჭადრაკში და მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას. რეგიონში რეაბილიტირდა გონიო-აფსაროსის ციხე, სხალთის სამონასტრო კომპლექსი, მიმდინარეობს პეტრას ციხის, ხინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის და ხიხანის ციხის რეაბილიტაცია. მეგობრებო, ამ პროექტების განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების” გუნდს აღებული აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომ ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გაამართლოს.

„მინდა, ასევე აღვნიშნო განსაკუთრებული აქტივობა და ზრუნვა აჭარის ხელისუფლების მხრიდან იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომელიც არის რეგიონში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ზურაბ პატარაძეს, მისი მხრიდან პრაქტიკულად ყოველდღიური კომუნიკაციაა იმ საკითხების გადაჭრისთვის, რომლებიც დღეს არსებობს აჭარაში. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, მაჟორიტარ დეპუტატებს, რეგიონის ხელმძღვანელებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ვინაიდან მათი ჩართულობის გარეშე, იმის გარეშე, რომ მათ იგრძნონ თითოეული ადამიანის ტკივილი, მოიტანონ ეს პრობლემები იქ, სადაც პრობლემების გადაწყვეტა შეიძლება, ასევე მაქსიმალურად ადგილზე გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ასეთი წარმატების მიღწევა. ჩვენ არ ვართ ილუზიაში, ძალიან კარგად ვხედავთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა. დღეს კიდევ გვყავს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ის კურსი, რომელიც აღებულია და თანმიმდევრული წარმატებების მშენებლობა, აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, გვაძლევს საბაბს, ყველას გვქონდეს გარკვეული სიამაყის გრძნობა, რადგან ჩვენს ზურგს უკან უკვე არის მიღწეული წარმატებები”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.