როდესაც ქუთაისში ვიმყოფებით, ჩვენს გულებსა და გონებაში ეს ქალაქი ასოცირდება ერთიან, ძლიერ საქართველოსთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, პარტიის რეგიონულ კონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა “ქართული ოცნების” წევრებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტიული ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი პარტიის არსებობა. მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებმაც ყველაზე რთულ პერიოდში მიიღეს გადაწყვეტილება და დაუდგნენ გვერდით პარტიას და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, შეეცვალა რეალობა ქვეყანაში. მნიშვნელოვანია იმ ადამიანების წვლილი, რომლებიც შემდგომში შემოუერთდნენ პარტიას. პარტია მუდმივად უნდა იყოს განახლების პროცესში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმ ადამიანების წვლილის დავიწყებას, რომლებიც “ქართულ ოცნებას” პირველივე დღიდან გვერდში ედგნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა პარტიული ორგანიზაციის მუშაობაში. ახალგაზრდები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ნაკლებად უჭირთ თამამი გადაწყვეტილებების მიღება, არასტანდარტული აზროვნება და სწორედ ეს გვჭირდება დღეს, რათა ჩვენი ქვეყანა სწრაფი ნაბიჯებით წავიდეს წინ. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა თითოეული თქვენგანის წვლილს და მოგიწოდოთ, გთხოვოთ, მაქსიმალური გახსნილობით შევუდგეთ კიდევ უფრო ძლიერი საქართველოს მშენებლობას. დღეს, მოგეხსენებათ, მედიასაშუალებებში პოზიტივი არის არამოდური, სამწუხაროდ ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი. თუმცა, როდესაც თვალს გადავავლებთ რა გაკეთდა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენგანს აქვს საამაყო გაკეთებული საქმეების გამო”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, განხორციელებული პროექტები იმერეთს განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს.
„იმერეთი ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ეს მისი უდიდესი პოტენციალია. ყველაფერს ვაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად. სწორედ აქ გაივლის აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური შემაერთებელი მაგისტრალები, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის რეგიონებს შორის მიმოსვლა გაცილებით მარტივი გახდება. ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაფართოებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. იმერეთში ძალიან მზარდი ტენდენციაა ტურისტების შემოდინების კუთხით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, მხოლოდ გასულ წელს იმერეთში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 600 000-მდე გაიზარდა, რაც წელიწადში 25%-იან ზრდას ნიშნავს.
“ქუთაისის საერთაშორისო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია – განახლებული ტერმინალი, 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს. 2019 წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტთან, ტრასიდან 700 მეტრის მოშორებით სარკინიგზო სადგურის მშენებლობა, რომელსაც აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორის სისტემა. ამ არეალში აშენდება ტურისტული ცენტრი, სადაც იქნება 2 და 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი, ტურისტების საინფორმაციო ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ასევე რიკოთის უღელტეხილის საგზაო მონაკვეთის მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ მონაკვეთების მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის ზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეამცირებს მგზავრობის დროს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში 322 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სპორტულ–გამაჯანსაღებელ, კულტურის ობიექტებს, ასევე საზოგადოებრივი ცენტრებს.
„ამასთან, გაზიფიცირდა 113 სოფელი და დამატებით 50 000-მდე ოჯახს მიეცა ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება. მაღალმთიანი დასახლების სტატუსი იმერეთში მინიჭებული აქვს 52 სოფელს, რომლის მოსახლეობაც სახელმწიფოს მიერ დაწესებული მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობს, რაც პარლამენტის მიერ მთის კანონის მიღების შედეგია. ამ კანონის შედეგად შესაძლებელი გახდა, პედაგოგებმა, ექიმებმა, პენსიონრებმა, საქმიანმა ადამიანებმა ისარგებლონ შეღავათებით იმ დასახლებულ პუნქტებში, რომლებიც სპეციალურ ნუსხაში შედის. რაც შეეხება იმერეთში მეწარმეობის, სოფლის განვითარების კუთხით განხორციელებულ პროექტებს, წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები – „აწარმოე საქართველოში“, ,,დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამა“ და სულ ახლახან დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროექტი – „ახალგაზრდა მეწარმე“, რომელიც ჩვენს ახალგაზრდა თაობას აძლევს უდიდეს შესაძლებლობას, დაიწყონ საკუთარი საქმე და თავად გახდნენ დამსაქმებლები”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, იმერეთის რეგიონში იქმნება სპეციალური აგროზონა, რომელშიც, საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელებით, დაახლოებით, 100 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„პროექტი გულისხმობს იმერეთისთვის ტრადიციული დარგის სასათბურე მეურნეობების განვითარებას, ადგილობრივი მეწარმეების მაქსიმალურ ხელშეწყობას და სათბურების, ასევე სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობების მშენებლობის წახალისებას. ამ პროექტის მიზანია, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქცია გავიტანოთ ისეთ ბაზრებზე, როგორიც არის ევროკავშირის და სხვა ბაზრები. იმერეთის აგროზონის პროექტი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისში მსხვილი ლოგისტიკური ცენტრი აშენდება. ლოგისტიკური ცენტრი ასევე მოიცავს კოპიტნარის აეროპორტში სასაწყობე მეურნეობის და სატვირთო ტერმინალის განვითარებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ იმერეთისთვის და მთლიანად საქართველოსთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა რეგიონში აზიური ფაროსანას პრობლემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც მხოლოდ სახელმწიფოსა და მოსახლეობის ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.
„აუცილებლად უნდა აღვნიშნო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტი, რომელიც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება. ეს მართლაც გამორჩეული საგანმანათლებლო ცენტრი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იქნება ფართო რეგიონული დანიშნულების ცენტრი, სადაც მეცნიერები, სწავლულები, სტუდენტები, ერთად იღვაწებენ ჩვენი ქვეყნის ძლიერებისთვის. მჯერა, რომ ქუთაისის სწრაფი და კომპლექსური განვითარება ახალ სიცოცხლეს შესძენს მთელ დასავლეთ საქართველოს. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და მეორე უდიდესი ცენტრი გახდეს ქვეყანაში. ქუთაისს და მთლიანად იმერეთს ყველა რესურსი აქვს იმისათვის, რომ თავისი სიტყვა თქვას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ქუთაისში საგრძნობლად მოიმატებს დინამიკა, შესაბამისად – უძრავ ქონებაზე ფასები და ეკონომიკური განვითარება ყველასთვის ხელშესახები გახდება. ქუთაისი ყოველთვის იყო გამორჩეული თავისი განსაკუთრებული სამეცნიერო პოტენციალით. ჩვენი ქვეყნის არაერთი გამოჩენილი მოღვაწე, რომელმაც ქვეყანას სახელი გაუთქვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ფუძეს იდებს სწორედ ქუთაისში. ესენი არიან მეცნიერები, კულტურისა და სპორტის გამოჩენილი მოღვაწეები. ქუთაისი ყოველთვის ასოცირდებოდა და ასოცირდება განსაკუთრებულ განათლებასთან, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან და დღეს უკვე ქუთაისს აქვს საშუალება, გარდა ჩამოთვლილი უმნიშვნელოვანესი მიღწევებისა, გახდეს ასევე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი. სწორედ ამას ისახავს მიზნად “ქართული ოცნების” პროგრამა და სწორედ ამის მისაღწევად არის მნიშვნელოვანი თქვენი, ქუთაისელების, იმერლების განსაკუთრებული ჩართულობა, რათა ყველა ეს მიზანი იყოს მიღწეული.