გიორგი კვირიკაშვილი - 26 მაისი უნდა იყოს ისეთივე საყოველთაო, საზეიმო დღე, როგორც სხვა დღესასწაულები
წელს 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში იგეგმება მასშტაბური ღონისძიებები, რომელშიც ჩართული იქნება ყველა სახელმწიფო უწყება.
„წელს 100 წელი სრულდება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროგრამის განხორციელებას, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება ყველა სახელმწიფო უწყება, ჩვენი საელჩოები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღის აღნიშვნაში უკვე კერძო სექტორიც შემოგვიერთდა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ რაც შეიძლება ფართოდ ჩაერთონ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღნიშვნაში.
„საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში ერთნაირად უნდა იგრძნობოდეს. მინდა, ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ ამ იუბილეს განსაკუთებით გავუსვათ ხაზი და დღეიდან მოყოლებული ერთმანეთს განსაკუთრებულად მივულოცოთ 26 მაისის დღესასწაული, როგორც ვულოცავთ ტრადიციულად საყოველთაო დღესასწაულებს. 26 მაისი უნდა იყოს სწორედ ისეთივე საყოველთაო, სასიხარულო და საზეიმო დღე, როგორც ჩვენ სხვა დღესასწაულები გვაქვს. 26 მაისს 17:00 საათსა და 10 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ჩვენ ყველამ ერთად, მთელმა ქვეყანამ შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ეს უდიდესი დღესასწაული, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის თავს უკავშირდება. დაგეგმილია დაახლოებით 2 ასეული ღონისძიება და ამ ღონისძიებების განრიგს, კონკრეტულ ინფორმაციას ჩვენ მივაწვდით მოსახლეობას”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.