გიორგი კვერენჩხილაძე - ჩემი პოზიციაა ის, რასაც მე ხელს ვაწერ, გავლენის ქვეშ არასდროს ვყოფილვარ
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ერთ-ერთი წევრის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, სამი მოსამართლე არ დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძირითად დასკვნას, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. კვერენჩხილაძის განმარტებით, განსხვავებული პოზიციის საფუძველი გახდა სამართლებრივი შეხედულებები.
„ჩვენი განსხვავებული აზრი რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე. შესაბამისად, ყველა დაინტერესებული მკითხველი თავად მიხვდება, რას ეყრდნობა ჩვენი სამართლებრივი პოზიციები, რომლებიც განსხვავებულ აზრშია ჩამოწერილი. ზოგადად, სასამართლო და მოსამართლეები საზოგადოებას მათი აქტებით უნდა ესაუბრებოდნენ. შესაბამისად, ყველას, ვისაც აღნიშნული საკითხი აინტერესებს, შეუძლიათ, ამ განსხვავებულ აზრს გაეცნონ. განსხვავებულ აზრში წერია, რას დავეყრდენი მე, რას დავეყრდენით მოსამართლეები. ყველას შეუძლია, იხილოს და წაიკითხოს. არ დავეთანხმეთ ძირითად დასკვნას, რომ დაარღვია“, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
კითხვაზე, – „ხშირად იმ სამ მოსამართლეს აქვს ხოლმე კონკრეტულ საქმეებზე განსხვავებული აზრი, რომლებსაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ გადაწყვეტილებაზე განსხვავებული მოსაზრება აქვთ. რისგან შეიძლება იყოს ეს განპირობებული“, გიორგი კვერენჩხილაძემ აღნიშნა:
„არ ვიცი, მგონი, არანაირი ტერაინკოგნიტა არ არის. მოსამართლეს ხან აქვს განსხვავებული აზრი, ხან რაღაცას ემთხვევა, ხან – არა. ყოფილა უმრავლესობის პოზიციებთან თანხვედრა, ყოფილა უმცირესობა მოსამართლეთა ჯგუფის პოზიციებთან თანხვედრა, ეს ჩვეულებრივი სამოსამართლეო ცხოვრებაა. მე არავისგან არ ვარ დავალებული, არ ვიცი, ვინ რას ამბობს. პოლიტიკურ მოღვაწეებს და არამოსამართლეებს მათი პოზიციების გამოხატვისა და დაფიქსირების უფრო ფართო ფარგლები აქვთ, მოსამართლეები ჩვენი სამოსამართლო ეთიკით შეზღუდული ვართ და ამგვარ საკითხებზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
გიორგი კვერენჩხილაძის თქმით, რასაც ხელს აწერს, მისი პოზიციაა და რაიმე გავლენის ქვეშ არასდროს ყოფილა.
„რა თქმა უნდა, მოსამართლე საზოგადოების ზეწოლასაც უძლებს და ზოგადად, სასამართლოს კრიტიკა დასაშვებ ფარგლებში ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა ეს გარკვეულ ზღვარს არ უნდა გასცდეს არც ძირითადი აზრის ავტორი მოსამართლეების და არც განსხვავებული აზრის ავტორი მოსამართლეების მიმართ. ეს ჩვეულებრივი პროცესია. მე არანაირი საფრთხე არ მქონდა, არასოდეს ვყოფილვარ არანაირი გავლენის ქვეშ და არც ახლა არ ვყოფილვარ, არანაირ გავლენას არ ვგრძნობ. ჩემი პოზიციაა, რასაც მე ხელს ვაწერ. სრული თავისუფლება აქვთ ადამიანებს, ისაუბრონ იმაზე, რაც მათ პოზიციად მიაჩნიათ და თავისი პოზიცია გამოხატონ“, – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, „როგორ შეაფასებდით იმას, რომ პრეზიდენტმა სამარცხვინო უწოდა ექვსი მოსამართლის გადაწყვეტილებას, როგორ ფიქრობთ, არის თუ არა გადაწყვეტილება სამარცხვინო“, კვერენჩხილაძემ განაცხადა:
„მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ამგვარი საუბარი არ შეიძლება. გარკვეული ეთიკა არსებობს და ეთანხმები თუ არ ეთანხმები სასამართლოს გადაწყვეტილებას, ძირითადი იქნება თუ განსხვავებული, კრიტიკა გასაგებია, მაგრამ სხვა ტერმინებზე მე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა კვერენჩხილაძემ.