გიორგი კონდახაშვილი მოსამართლეს - ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას დიდი შედეგები მოჰყვება და ეს წლების განმავლობაში გაგყვებათ თქვენც და თქვენ შთამომავლობას
ამ საქმეში და ამ შუამდგომლობაში არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ნიკა მელიასთან მიმართებით დაპატიმრების გამოყენების, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს.
როგორც გიორგი კონდახაშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიას საქმეზე გადაწყვეტილებას ძალიან დიდი შედეგი მოჰყვება.
„ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ დარჩებით სამართლებრივ სივრცეში და თქვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთ, აშკარა მაგალითს არ შექმნით ქართულ სამართლებრივ სივრცეში როგორ ხდება პოლიტიკური მიზნებით სასამართლოს, პროკურატურის და ყველა სხვა, მოწმეების გამოყენება. ბატონო მოსამართლევ, დღეს მართლა ჯერი თქვენზეა და ნამდვილად არ იფიქროთ, რომ თქვენ უბრალო გადაწყვეტილებას იღებთ კონკრეტული პირის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი შედეგები მოჰყვება და ეს შედეგები მართლაც, წლების განმავლობაში გაგყვებათ თქვენც და თქვენს მომავალ შთამომავლობას. როდესაც დარჩებით თქვენ თავთან მარტო, იქ იქნება შანსი მისცეთ თქვენ თავს, რომ თქვენ თავთან იყოთ მართალი, რომ მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც არის კანონიერი და რაც არის უალტერნატივო. არ უნდა დაკმაყოფილდეს მათი შუამდგომლობა და უნდა მოიხსნას საერთოდ ყველანაირი სახის აღკვეთის ღონისძიება, ვინაიდან არც ერთი საფუძველი, რისკი აღკვეთის ღონისძიების მიზნებიდან გამომდინარე, აღნიშნულ საქმეში არ არსებობს“, – განაცხადა კონდახაშვილმა.