გიორგი კირთაძე - ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და დამთავრდება გამარჯვებით, ამ ბრძოლის ავანგარდში აუცილებლად იქნება მათე ფუტკარაძე
ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით, მათ შორის, ამ ბრძოლის ავანგარდში აუცილებლად იქნება მათე ფუტკარაძე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი კირთაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი კირთაძემ მადლობა გადაუხადა ბათუმელ ამომრჩევლებს, რომლებმაც შუალედურ არჩევნებზე მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ მათე ფუტკარაძეს დაუჭირეს.
„უნდა დავიწყოთ მადლობით, მადლობა იმ 3 000-ზე მეტ ღირსეულ მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს ბათუმის მე-4 სამაჟორიტარო ოლქში, რომლებმაც დღეს იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც ხდებოდა და ეს კარგად ჩანდა ტელეეთერებში, შეძლო და მოვიდა ამ მართლაც ღირსების არჩევნებში და ღირსეულად დაუჭირა მხარი მათე ფუტკარაძის კანდიდატურას. რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ და ბუნებრივია, ამის მოლოდინი ბევრს, მათ შორის ჩვენს გუნდში, ჰქონდა. 14 უბანში რა ტიპის არჩევნების ჩატარება შეუძლია ბიძინა ივანიშვილის და პუტინის „ქართულ ოცნებას“, ყველამ კარგად ვიცით. მართალი ვიყავით მაშინაც, როდესაც ვთქვით, რომ გავდიოდით ამ არჩევნებზე ყველაფრის მიუხედავად, რაც ხდებოდა. დაშინების, შანტაჟის, მოსყიდვის, უამრავი ადამიანის გადაწერის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ სწორი ვიყავით, როდესაც გავედით ამ არჩევნებზე, სხვაგვარად წარმოუდგენელი იყო და ჩვენ არ ვიქნებოდით მართალი არც ნუგზარ ფუტკარაძესთან, არც მის ოჯახთან და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით, მათ შორის ამ ბრძოლის ავანგარდში იქნება აუცილებლად მათე ფუტკარაძე, ადამიანი, რომელსაც აქვე კიდევ ერთხელ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ უთანასწორო ბრძოლაში შემოსვლისთვის. ბრძოლა იქნება ყველგან და ეს ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება ჩვენი გამარჯვებით“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი რამაზ ჯინჭარაძე ლიდერობს. ცესკო-ს ცნობით, ბათუმის 14-ვე საარჩევნო უბნის წინასწარი პირველადი მონაცემები შემდეგია: №5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მათე ფუტკარაძე – 3 233 (31%); №41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა“, რამაზ ჯინჭარაძე – 7 190 (69%).