გიორგი კირთაძე აცხადებს, რომ მასზე თავდასხმა სუს-ის მიერ იყო ორგანიზებული
„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კირთაძე, რომელსაც დღეს უცნობმა პირმა კვერცხები ესროლა, ამბობს, რომ თავდასხმის უკან სუს-ი დგას.
ფაქტთან დაკავშირებით კირთაძე პოლიციაში გამოკითხვაზე აპირებს მისვლას, თუმცა ამბობს, რომ გამოძიების იმედი არ აქვს.
„ორგანიზებული იყო სუს-ის მიერ, თორემ ეს კაცი ქუჩაში ჯიბეებში კვერცხებით დადის? მომაყენეს შეურაცხყოფა, მეც, ჟურნალისტსაც, სრულიად უმიზეზოდ. რას ვერჩი იქ მოსულ პოლიციელებს, მაგრამ ეგენი რას გამოიძიებენ“, – განაცხადა გიორგი კირთაძემ.
შემთხვევა ბათუმში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე მოხდა. გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში უცნობმა მოქალაქემ კვერცხები ესროლა და სიტყვიერად დაუპირისპირდა, რის შემდეგაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.