გიორგი ხვედელიანი - „ქართული ოცნების“ ვერც ერთი დეპუტატი ვერ ჩამოირეცხავს ამ ლაქას, რაც დღეს გააკეთეს
„ქართული ოცნების“ ვერც ერთი დეპუტატი ვერ ჩამოირეცხავს ამ ლაქას, რაც დღეს გააკეთეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ხვედელიანმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო მელიას დაკავებას თუ გადაწყვეტს, ხალხი წინააღმდეგობას გაუწევს.
„მინდა გითხრათ, რომ „ქართული ოცნების“ ვერც ერთი დეპუტატი, ვინც მართლა გავრილოვის შეკვეთით შეასრულა ეს დავალება, ვერ ჩამოირეცხავს პოლიტიკურად ამ ლაქას, რაც დღეს გააკეთეს. სასამართლო ნიკა მელიას დაკავებას თუ შეუფარდებს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სულ რომ არაფერი მოიმოქმედოს, ოფისში მოდის უამრავი ადამიანი და ყველას აქვს განწყობა, რომ არ დაემორჩილებიან უკანონო გადაწყვეტილებას. პირდაპირ გეუბნებით, ნიკა მელია არ ჩაბარდება, უკანონო გადაწყვეტილებაზე ხელს არ მოაწერს. ხალხიც ამ განწყობაზეა. ხალხი მოდის აქ იმ განზრახვით, რომ ნიკა მელია არ დაამორჩილოს უკანონო გადაწყვეტილებას, თუ ამას სასამართლო გააკეთებს, მაგრამ მგონია, რომ ამას ვერ გაბედავენ. თუ გაბედეს, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან“, – განაცხადა ხვედელიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.