გიორგი ხოჯევანიშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი დგას
დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ ხუთ კოლეგასთან ერთად „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის შექმნაზე მუშაობს, არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.
„რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
ამასთან, შეკითხვაზე, იქნება თუ არა გახარია თბილისის მერობის კანდიდატი, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ამაზე საუბარი ადრეა, პროცესებს მივყვეთ“.
პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.