გიორგი ხოჯევანიშვილი - საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში გორში დარღვევის ფაქტები არ დაფიქსირებულა
მონიტორინგის შედეგად, გორში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში დარღვევის ფაქტები ღამით არ გამოვლენილა. ამის შესახებ შიდა ქართლში საგანგებო საოპერაციო შტაბში განაცხადეს.
საგანგებო მდგომარეობის დროს საკარანტინო რეჟიმის ფარგლებში გორში, 3 000-მდე პირს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. სამი პირი იქნა ტემპერატურის მატებით გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში.
გორში ხუთ საკონტროლო პუნქტზე შსს-ს თანამშრომლები და თავდაცვის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროები ერთობლივად აკონტროლებენ მგზავრთა გადაადგილებას. რეგიონის მასშტაბით შსს-ს 60 მობილური ჯგუფი ახდენს პატრულირებას.
ამ დროისათვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 17 პაციენტი გადის მკურნალობას. სულ ჰოსპიტლის საკარანტინო სივრცეში 50-დე პირია მოთავსებული.
„ღამემ რეგიონში მშვიდობით ჩაიარა. მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონის მოსახლეობას, რომ გაგებით მოეკიდნენ სახელმწიფოს მიერ გამკაცრებულ პირობებს. რამდენიმე შემთხვევა იყო ტემპერატურის დაფიქსირების და გადაყვანილი იქნენ. არანაირი გართულება არ არის. კონტროლდება სიტუაცია რეგიონში შესაბამისი სამსახურების მიერ და მივყვებით პროცესს მშვიდად. დარღვევები კომენდანტის საათის განმავლობაში არ ყოფილა. მუდმივ რეჟიმში გადაადგილდებიან მობილური ჯგუფები, ჩვენ მათთან კოორდინირებულ რეჟიმში ვმუშაობთ“, – განაცხადა საგანგებო საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.