გიორგი ხოჯევანიშვილი - მმართველი პარტიის მხრიდან არის მცდელობა, არასერიოზულ კინკლაობაში გიორგი გახარიას გუნდის წევრები ჩაითრიოს, კინკლაობაში შესვლას არ ვაპირებთ
მოვუწოდებდი მმართველ პარტიას, რომ უფრო მეტი სიმშვიდითა და ნერვიულობის გარეშე მიიღოს ის რეალობა, რაც საზოგადოების წინაშე იქნება გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ „გახარიამ 17-18 თებერვალს ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“.
ხოჯევანიშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები გიორგი გახარიას გუნდის წევრების „არასერიოზულ კინკლაობაში ჩათრევის მცდელობაა“.
„ეს მათი მხრიდან არის მცდელობა ამ არასერიოზულ კინკლაობაში ჩვენი ჩათრევის. მე მათ მოვუწოდებდი, რომ უფრო მეტი სიმშვიდითა და ნერვიულობის გარეშე მიიღონ ის რეალობა, რაც ქართველი საზოგადოების წინაშე იქნება გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტიურობის თვალსაზრისით და ამას ჩვენი საზოგადოება მალე შეაფასებს არჩევნებზე.
ასეთ არასერიოზულ კინკლაობაში შესვლას ჩვენ არ ვაპირებთ. პირველი რიგში იმიტომ, რომ ეს არ არის საზოგადოების დაკვეთა. საზოგადოებას უნდა საქმის გაკეთება, ამაზე საუბარი და არა მსგავს კინკლაობაზე კომენტარები. ამ კინკლაობაში შეთრევას იმიტომ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და აქცენტი იყოს არა საქმის კეთებაზე, არამედ, აბსურდულ კინკლაობაზე პასუხების გაცემაზე. რა თქმა უნდა, გახარიასი ეშინიათ, ამაზე კითხვა მგონი, არავის აქვს“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ მოიტყუა და ეს ძალიან მძიმე ტყუილი იყო.
„გახარიამ მოიტყუა და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი, სამწუხაროდ, ეს რეჟიმი გრძელდება, ამის ნიშნებს კიდევ უფრო მკვეთრად დაინახავს საზოგადოება მომავალში. გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს, რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.