გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩვენმა გუნდმა წარადგინა რეფორმების კონკრეტული გეგმა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს, ამაზე მუშაობა დღესვე ერთობლივად უნდა დავიწყოთ
საქართველო იყო ლიდერი ქვეყანა ასოცირებულ ტრიოში, ოცნების მთავრობის ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში წარმოებული პოლიტიკის შედეგად, დღეს არამარტო ეს პოზიცია დავკარგეთ, არამედ ვდგავართ რეალობის წინაშე, რომ ტრიოს ორი ქვეყანა იღებს, ხოლო საქართველო ვერ იღებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
„ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული მარცხი ასოცირებული ტრიოდან ამოვარდნაა და არა ის მოთხოვნები, რომლებიც დაგვიწესეს, რადგან ეს რეფორმები თავად საქართველოს მოქალაქეების ინტერესშია. დღეს ევროკავშირმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ 2022 წლის ბოლომდე დავბრუნდეთ დემოკრატიის, ევროპულ, თავისუფლების გზაზე. სწორედ ამიტომ ჩვენმა გუნდმა წარვადგინეთ რეფორმების და გადასადგმელი ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და რომელზე მუშაობაც არა ზეგ, მაზეგ, ან ორ კვირაში, არამედ დღესვე ერთობლივად უნდა დავიწყოთ.
ხაზგასმით ვამბობთ, ერთობლივად, რადგან „ოცნების“ ხელისუფლების გარეშე, თუ მან არ აღიარა ის პრობლემები, რაც ქვეყანაში შექმნა და მკაფიო ნება არ გამოხატა მათ გამოსასწორებლად, ვერც გამოასწორებს მათ, ხოლო თუ ოპოზიციის და საზოგადოების ფართო სპექტრი არ იქნება ჩართული ამ პროცესში, ვერ დაიძლევა პოლარიზაცია, რომელიც არის ევროკომისიის მოთხოვნების პირველი პუნქტი.
ეს არის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონსტიტუციური მოწყობის სისტემის აღდგენას, ნებისმიერი შემდეგი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას, ძალაუფლების რეალურ დანაწილებას, ქმედით საპარლამენტო კონტროლს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, რაც, საბოლოო ჯამში – გამორიცხავს ქვეყანაში შემდგომშიც ოლიგარქიულ მმართველობას“,- აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
მისივე თქმით, მათ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია ყველა აქტიური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პირადად გააცნეს თავიანთი თხოვნა
„თუმცა, რა თქმა უნდა, როდესაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ამ გეგმაზე ერთობლივ მუშაობას, იგულისხმება, რომ ის ღიაა მსჯელობისთვის და კორექტირებისთვის.
ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია როგორც ყველა აქტიური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან, ისე – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და პირადად გავაცანით ჩვენი თხოვნა.
ახლა კი, კიდევ ერთხელ, საჯაროდ მივმართავთ მათ: გთხოვთ, „ქართულ ოცნებას“, გთხოვთ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და გთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს, დღესვე დავიწყოთ მუშაობა, პირველ რიგში, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, 24 ივნისამდე ვაჩვენოთ ყველას, რომ ქართველებს მიუხედავად ერთმანეთთან დაპირისპირებისა, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის, შვილების მომავალს, შეგვიძლია შეთანხმება, რაც მთელს მსოფლიო დაანახებს, რომ შეგვწევს კომპრომისის და დიალოგის უნარი, ვართ ევროპელები და ვართ ევროპული დემოკრატიისთვის მზად!
ეს პროცესი დღესვე უნდა დავიწყოთ და 2022 წლის ბოლომდე ლოგიკურ შედეგამდე მივიყვანოთ, რადგან საქართველოს შევუნარჩუნოთ ევროპული პერსპექტივა და მომავალი“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.