გიორგი ხოჯევანიშვილი - ჩვენი გუნდის მიმართ ბრალდებების ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პოლიტიკურად გავაქტიურდით, იზრდება ჩვენი მომხრეების რაოდენობა, გავიშალეთ რეგიონებში
პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ყოფილი თანაგუნდელების მიერ გახარიას გუნდზე თავდასხმებსა და ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რომ პარტიის მომხრეების რაოდენობის ზრდის პარალელურად ბრალდებები და თავდასხმები იზრდება.
„სამწუხაროდ, ჭორაობის ტენდენცია და ჩვენი მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების ტალღა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩვენ პოლიტიკურად გავაქტიურდით; მას შემდეგ, რაც თქვენთვის უფრო სანერვიულო გახდა ის ფაქტორი, რომ დღითიდღე იზრდება ჩვენი მომხრეების რაოდენობა, ჩვენ გავიშალეთ რეგიონებში, ვიწყებთ რეგიონული ოფისების გახსნას და ამის პირდაპირ პროპორციულად ახალ და ახალ უსაფუძვლო, მოგონილ ბრალდებებს ვისმენთ ჩვენი გუნდის მიმართ. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას აქვს პასუხი, რომ ეს არის უბრალოდ ტალახის სროლის პროცესი და ამ ყველაფერზე ჩვენ ვუპასუხებთ საქმით. ამაზე პასუხი არის შეხვედრები, რომელსაც დღეს ჩვენი გუნდის ლიდერი, გიორგი გახარია მართავს ბრიუსელში, ვაშინგტონში – ეს ცხადყოფს ახალი პოლიტიკური ძალის, „საქართველოსთვის“პარტიისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ამ მაღალი დონის შეხვედრებზე გიორგი გახარიას მხრიდან ხდება ზეპარტიული და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების დაყენება, ისეთი როგორიც არის, ოკუპაცია, საქართველოს ნატო-ში, ევროკავშირში სრული ინტეგრაცია და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე საუბარი, განსაკუთრებით – რეგიონში არსებული დაძაბული ვითარების პარალელურად“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.