გიორგი ხელაშვილი - უკრაინელები ადრე თუ გვიან, კარგად გაიგებენ, სად იდგა და დგას საქართველოს ხელისუფლება, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენენ
დიპლომატიური რესურსი ჯერ არ ჩანს იმისთვის, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია შეჩერდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ანტალიაში გამართული მოლაპარაკებების არარსებული შედეგი სავსებით მოსალოდნელი იყო. მით უმეტეს, არც ერთი ეს ლიდერი, არც კულება და არც ლავროვი თავის ქვეყანაში არ ასრულებს წამყვან როლს გადაწყვეტილებების მიღებაში. მოლაპარაკებები კონფლიქტის პარალელურად არაფერი განსაკუთრებული არ არის და ეს ყოველთვის ხდება ხოლმე. ჯერ დიპლომატიური რესურსი არ ჩანს იმისთვის, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია შეჩერდეს. საქმე იმაშია, რომ ფაქტობრივად, ეს არ არის მოლაპარაკებები. ეს არის რუსეთის მხრიდან ულტიმატუმი დანებების შესახებ, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი ჯერ უარით პასუხობს, რადგან იმედი აქვს, რომ
შეირაღებული ძალებით და საერთაშორისო ზეწოლით შესაძლებელი გახდება უკრაინაში რუსეთის შეირაღებული ძალების შეჩერება. ამ ომის განმავლობაში სავარაუდოდ, დადგება მომენტი, როდესაც
მხარეებიდან ერთ-ერთი ან სამხედრო ძალით დამარცხდება, ან მიაღწევენ ისეთ ტერიტორიულ და სამხედრო წონასწორობას, რომლის შემდეგაც მხარეებისთვის ომის გაგრძელებას აზრი არ დაეკარგება და სწორედ მაშინ დაიწყება შინაარსიანი მოლაპარაკებები, ჯერჯერობით კი, რასაც ვხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ შირმაა, რომელსაც არ შეუძლია ამ საშინელი ადამიანური ტრაგედიის და გეოპოლიტიკური კატასტროფის თავიდან აცილება“, – განაცხადა ხელაშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს, უკრაინისთვის ძალიან მძიმე დროა და ბუნებრივია, რომ მისი ხელისუფლების მხრიდან მთელი მსოფლიოს გასაგონად ისმის სასოწარკვეთილი მიმართვები, რათა მთელ მსოფლიოში მოხდეს უკრაინისთვის მხარდაჭერის მობილიზება, ამ მხრივ კი, გამონაკლისი არც საქართველო არ არის, მაგრამ მეორე ნაწილია უშუალოდ საქართველოსთან მიმართებაში ის ნეგატიური ყურადღება, რაც უკრაინის ხელისუფლებაში გამოიჩინეს, მაგრამ აქ არსებობს გარკვეული კვალი ქართული ოპოზიციის რადიკალურ ნაწილსა და უკრაინელებს შორის.
„ვინც პოლიტიკას იცნობს, კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი წლების განმავლობაში უკრაინაში მუშაობდა. მას იქ თავისი პოლიტიკური ბაზა აქვს და ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც არსად წასულან. იქ არის ფინანსური რესურსი და ბუნებრივია, ამის გამოყენება ხდება. კარგი იქნებოდა, ეს გამოყენებული ყოფილიყო ორი ქვეყნის, ხალხების უფრო დაახლოებისთვის და უკრაინის დახმარებისთვის, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ რეალურად, ეს რესურსი, რაც სააკაშვილს და მის პარტიას გააჩნია, ხმარდება ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაპირისპირებას, გარკვეული პოლიტიკური უთანხმოების ჩამოგდებას და შიდა პოლიტიკური მანიპულირებისთვის ქულების დაწერას, რაც რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. ეს იცის ყველამ, ვინც მათ კარგად იცნობს. ასე რომ, ამაში საკვირველი არაფერია და ეს მოსალოდნელი იყო“, – განაცხადა ხელაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კომუნიკაცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ხელისუფლებასთან, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისულება უკრაინელ კოლეგებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მუდმივ კომუნიკაციაშია, რათა დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას და მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებებში, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, პოლიტიკურად უკეთესი პოზიცია მიიღოს, რომ სამომავლოდ, დიპლომატიური გზებით რამე შედეგის მიღწევა შეძლოს.
თამთა სანიკიძის კითხვაზე, არსებობს თუ არა უკრაინული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობა, ხელაშვილმა აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, ომის ბურუსის პირობებში ინფორმაცია და ახსნა-განმარტება დაგვიანებით მიდის და შეიძლება, ყურადღების მიღმაც დარჩეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიმართლე დაიკარგება.
„რასაკვირველია, უკრაინელები, ადრე თუ გვიან, ძალიან კარგად გაიგებენ და გაარკვევენ, სად იდგა და დგას საქართველოს ხელისუფლება და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენენ. ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, – განაცხადა ხელაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს უკრაინელების მთავარი ამოცანა არის ქვეყნის, სუვერენიტეტის, ტერიტორიის, ხელისუფლების და საკუთარი ოჯახების გადარჩენა, მათი ყურადღების დიდი ნაწილი აქეთკენ არის მიპყრობილი და ამ დროს, საქმის გარჩევის დრო არ არის.