გიორგი ხელაშვილი - სალომე ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობის დაკარგვაზე საუბარი მეტისმეტად გაზვიადებულია, ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ
პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობის დაკარგვაზე საუბარი მეტისმეტად გაზვიადებულია, ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ნიკა მელიას განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
საუბარია განცხადებაზე, სადაც მელია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს აღარ ენდობა, რადგან მან შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.
„წინასწარ პროგნოზები და წინასწარმეტყველებები ყოვლად უადგილოა. ყველაფერში საქართველოს კანონმდებლობა და დემოკრატიული სტანდარტები დაცული იქნება. სადამდე მიგვიყვანს პოლიტიკური პროცესი, ამას შევხედავთ. ქალბატონ პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას“ შორის ნდობის დაკარგვაზე საუბარი მეტისმეტად გაზვიადებულია, ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
გიორგი ხელაშვილმა ასევე შეაფასა მელიას განცხადების ის ნაწილიც, სადაც ამბობს, რომ შესაძლოა, სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმეები წამოიწყონ. როგორც ხელაშვილი აცხადებს, ეს ჰიპოთეტური სცენარია.
„ვენდობი როგორც სასმართლოს, ისე პროკურატურას. სააკაშვილის მიმართ არის დასრულებული და მიმდინარე საქმეები, მაგრამ ეს ძალიან ჰიპოთეტური სცენარია – ვიღაც ჩამოვა, ვიღაც შეიწყალებს და ვიღაც შემდეგ კიდევ საქმეს აღძრავს. ასე შორს ნუ წავალთ, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ჩვენი პირველი რიგის ამოცანა ახლა სუფთა არჩევნების ჩატარებაა“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.