გიორგი ხელაშვილი - ოპოზიციური პარტიების მხრიდან არაუფლებამოსილი პირების მიერ საჩივრების შეტანა ან სპეციალურად მოხდა, ან ელემენტარული უცოდინრობით მოუვიდათ
ოპოზიციური პარტიების მხრიდან არაუფლებამოსილი პირების მიერ საჩივრების შეტანა ან სპეციალურად მოხდა, ან ელემენტარული უცოდინრობით მოუვიდათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ არაუფლებამოსილი პირების მიერ საჩივრების შეტანით, ოპოზიციურ პარტიებს სურდათ ეჩვენებინათ, თითქოს საოლქო კომისია ამ საჩივრებს არ იხილავს.
„საოლქოში საარჩევნო კომისიებში დინამიურად მიმდინარეობს საჩივრების განხილვა. უპრეცედენტო რაოდენობა – 19 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა მოხდა, შესაბამისად, საჩივრების ნაწილი ალბათ, გადაინაცვლებს სასამართლოში, სადაც ასევე გაგრძელდება განხილვის პროცესი. შეგახსენებთ, რომ გადათვლილი უბნებიდან ჯერჯერობით არსებითად მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოვლენილა, მით უმეტეს, გამოვლენილი დარღვევები ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს არათუ ეროვნული მასშტაბით, არამედ საუბნო ლოკალური მასშტაბით შედეგებზეც კი. იმ შემთხვევებში, როდესაც უარი ეთქვა საჩივრების განხილვაზე საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ, ამის ძალიან სერიოზული მიზეზები არსებობდა. კერძოდ, ამ საჩივრების დიდი ნაწილი შეტანილი იყო პარტიების არაუფლებამოსილი პირების მიერ და შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კიმისიებს მათი განხილვის საშუალება არ ჰქონდათ. თავისთავად, ის, რომ ოპოზიციური პარტიები არასწორი პირების საშუალებით წარადგენენ პრეტენზიებს საოლქო საარჩევნო კომისიებთან, მიუთითებს ორიდან ერთ რამეზე: პირველი – მათ სპეციალურად გააკეთეს ეს, რომ ეჩვენებინათ, რამდენი საჩივარია დაწერილი და საოლქო საარჩევნო კომისია თითქოს, უარს ამბობს მათ განხილვაზე, ან ეს მოუვიდათ ელემენტარული უცოდინრობით.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრებს, მათი განხილვა გრძელდება და იმედი გვაქვს კიდევ მოხდება საჩივრების განხილვა, მათ შორის, უბნების გადათვლის საშუალებითაც. აქედან შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ – გარდა პოლიტიკური ხმაურისა და პოლიტიკური ტემპერატურის აწევისა, რაიმე სერიოზული საფუძველი განცხადებებს მასიური გაყალბების შესახებ არ ჰქონია“, – განაცხადა ხელაშვილმა.