გიორგი ხელაშვილი - ოპოზიცია, თავისი საგარეო პარტნიორების მხარდაჭერით, აზიანებს ეროვნულ ინტერესებს, მთავრობას ამგვარი საბოტაჟის პირობებში უხდება ბრძოლა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ სააკაშვილი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამედიცინო მომსახურებით, რაც ხდება კიდეც, თუმცა თვითდაზიანების შედეგად რა შედეგამდე მიდის ის, ეს არ შეიძლება, დაბრალდეს საქართველოს ხელისუფლებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
როგორც გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის, სასამართლო სისტემისთვის ამოსავალი უნდა იყოს კანონის უზენაესობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა პატიმარი საქართველოში სარგებლობს თანაბარი უფლებებითა და ვალდებულებებით.
„სააკაშვილის განსაკუთრებულ პატიმრად გამოცხადება, ვფიქრობ, შეცდომა იქნებოდა. ასევე შეცდომა იქნებოდა ის, რომ თვითდაზიანების რეჟიმში მყოფი პატიმრის გათავისუფლებით შექმნილიყო პრეცედენტი, რომელიც შემდეგ გამოყენებული იქნებოდა სხვა პატიმრების მიერ და მივიღებდით მძიმე შედეგებს. რაც შეეხება ევროპარლამენტარების რეაქციას, ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ რამდენიმე ევროპარლამენტარი ლამის ისტერიულ და უსამართლო შეფასებებს აკეთებს სააკაშვილთან დაკავშირებით. შედარებით მოზომილი იყო ევროკომიისიის წარმომადგენლების პასუხები, თუმცა აქაც, ვფიქრობ, შეგვიძლია, არ დავეთანხმოთ და არ უნდა დავეთანხმოთ, როდესაც ისინი ამბობენ, რომ ნებისმიერი ფაქტორის გათვალისწინებით, ნებისმიერ შემთხვევაში სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას.
საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობა ეკისრება იმაზე, რომ სააკაშვილი უზრუნველყოფილი იყოს სათანადო სამედიცინო მომსახურებით, რაც ხდება კიდეც, თუმცა თვითდაზიანების შედეგად რა შედეგამდე მიდის ის, ეს არ შეიძლება, დაბრალდეს საქართველოს ხელისუფლებას და არ შეიძლება, ხელისუფლება ყველაფერზე იყოს პასუხისმგებელი მსგავსი არაადეკვატური ქმედების დროს.
ჩვენი ოპოზიცია, მათი საგარეო პარტნიორების მხარდაჭერით, უკვე რამდენიმე წელია, სწორედ ამგვარად აზიანებს ქვეყნის არამარტო მთავრობას, არამედ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. საქართველოს მთავრობას სწორედ ამგვარი საბოტაჟის პირობებში უხდება ბრძოლა, რომ საქართველო ევროკავშირში გააწევრიანოს“, – განაცხადა ხელაშვილმა.