გიორგი ხელაშვილი - მსოფლიოში ჯერ არც ერთ პარლამენტს არ მიუღია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, საქართველოს პარლამენტი იქნება პირველი, რომელიც ამგვარ რეზოლუციას მიიღებს
მსოფლიოში ჯერ არც ერთ პარლამენტს არ მიუღია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და საქართველოს პარლამენტი იქნება პირველი, რომელიც ამგვარ რეზოლუციას მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„სხვადასხვა პარლამენტებში შემუშავდა განცხადებები, მიმართვები და ცალკეულ პოლიტიკოსთა მხარდაჭერის აქტები, მაგრამ რეზოლუცია არც ერთი ქვეყნის პარლამენტს არ მიუღია. ასე რომ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყანა მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და იღებს რეზოლუციას, რომელშიც ძალიან ზუსტად არის განსაზღვრული დღევანდელი დღის მთავარი პოლიტიკური ამოცანა. ეს არის ის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი არ დაიწყოს. თუ იქ ომი დაიწყო, ეს გამოიწვევს რეგიონულ კატასტროფას, არა მარტო უკრაინისთვის, არამედ თავად რუსეთისთვისაც და ჩვენი ქვეყანაც იქნება ჩათრეული. ასე რომ, მთელ ამ დებატებში მთავარი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტი აპირებს, მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია”, – განაცხადა ხელაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ არის ტექსტში ნახსენები, ვინ არის აგრესიის წყარო და ვინ ამზადებს თავდასხმას, რასაც ოპოზიცია ითხოვს, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას რეზოლუციაში რაც არ უნდა ჩაეწერა, ოპოზიცია აუცილებლად გამონახავდა ობსტრუქციისთვის საფუძველს.
„იმისთვის, რომ დაეწყოთ არა მარტო კრიტიკა, არამედ დავედანაშაულებინეთ ათასგვარ სისულელეში, რაც ძალიან ხშირად, სწორედ მათი წიაღიდან მოდის. რაც შეეხება ტექსტს, ბატონი იაგო ხვიჩიას და სხვების განცხადებას, რომ თავდაპირველ ვარიანტში რუსეთი იყო ნახსენები, ეს არის ტყუილი”, – განაცხადა ხელაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის შენიშვნების არგათვალისწინება ერთი მთავარი მიზეზის გამო მოხდა.
„ამ შეხვედრაზე თავად ოპოზიცია ვერ შეთანხმდა ერთმანეთში, ძალიან ბევრ რამეზე. რა თქმა უნდა, არ დავასახელებ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მაგრამ ისინი ერთმანეთს ეკამათებოდნენ ამ ტექსტის შესახებ. შესაბამისად, დებატების ბოლოს ჩვენ გადავწყვიტეთ, დავბრუნებოდით თავდაპირველ ვარიანტს, რომელიც საბოლოო ჯამში, მათ უარყვეს და, რომელსაც „ქართული ოცნების” დეპუტაცია პარლამენტის სხდომისას დამოუკიდებლად მიიღებს”, – განაცხადა ხელაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის ჩაწერა, თუ ეს ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი მთავარი და პრინციპული საკითხი იყო, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერა არანაირი პრობლემა არ იყო, მაგრამ ხელისუფლებამ ანგარიში გაუწია საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციას და თავად უკრაინის მხრიდან მომდინარე პოლიტიკურ სიგნალებს.
„როგორც იცით, უკრაინის გარშემო ვითარება უკიდურესად არის დაძაბული და ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, იქ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბოს. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე მისი კაბინეტის უფროსი მუდმივად მოუწოდებენ საკუთარ მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, ნუ შექმნიან დამატებით პანიკას და ნუ გაამწვავებენ ვითარებას, რამაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის აგრესიას. აი, ეს იყო მთავარი, რის გამოც ჩვენ შევეცადეთ, ტექსტი ყოფილიყო პრინციპული, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე. ეს არის და ეს”, – განაცხადა ხელაშვილმა.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია არის ძალიან ცხადი სიგნალი, რომელიც ძალიან ადეკვატურად ესმით საზღვარგარეთ, მაგრამ საუბედუროდ, ხდება პოლიტიკური მანიპულაციების საგანი საქართველოში.
„საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს უკრაინას და მოუწოდებს ომის არდაშვებისკენ რუსეთის ფედერაციას და საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის ძალიან მარტივი, გასაგები და ცხადი განცხადება. ამ შემთხვევაში, ყველაფერი დანარჩენი არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები”, – განაცხადა ხელაშვილმა.
მისივე თქმით, ნებისმიერი მოძრაობის, პარტიის, თუ ინდივიდის მიერ შექმნილი ტექსტისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი რეზოლუცია თავისი ენით და პათოსით არის სახელმწიფოებრივი დოკუმენტი.
„რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, ინდივიდუალურად მიიღონ ტექსტი, ხელი მოაწერონ და მიმართონ საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის თავისუფალი ქვეყანა და მათ ამის გაკეთება შეუძლიათ. საქართველოს მმართველმა ხელისუფლებამ, ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, დააინიცირა დოკუმენტი, რომელიც პასუხობს ყველაზე კარგად საქართველოს ინტერესებს და მოდით, აქ დავსვათ წერტილი”, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.