გიორგი ხელაშვილი - მოვუწოდებ ოპოზიციის ნაწილს, გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს დაუბრუნდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გუშინდელი მოლაპარაკებები და დღეს, მოგვიანებით, ასოცირების საბჭოს შეხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს პროგრესს ევროპული ინტეგრაციისკენ. უფრო მეტიც, ადასტურებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროკავშირისათვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პირადად განიხილავს პროგრესს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო წლებში დემოკრატიისა და პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმების მხრივ მიაღწია.
ხელაშვილის განცხადებით, პრემიერის მიმდინარე ვიზიტი და წინა კვირას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელიც ასევე ბრიუსელში შედგა, ცხადად აჩვენებს, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა არა მარტო უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისათვის.
ამიტომ, ხელაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს დაუბრუნდნენ.
„სიმბოლურია, რომ პრემიერ-მინისტრი, რომელმაც შვიდი წლის წინ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ ევროპის დედაქალაქში ჩავიდა და პირადად განიხილავს პროგრესს, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ბოლო წლებში დემოკრატიისა და პოლიტიკური, ეკონომიკური რეფორმების მხრივ მიაღწია.
საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა როგორც ასოცირების შეთანხმების, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის პირობების შესრულების მხრივ. რა თქმა უნდა, ევროპისაკენ გადასადგმელი ყველაზე ძნელი ნაბიჯები ჯერ კიდევ წინაა, მაგრამ 2024 წლისათვის ჩვენ შევძლებთ, რომ პირობა შევასრულოთ და ოფიციალურად მივმართოთ ევროკავშირს წევრობის განაცხადით. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ევროპაში კარგად ესმით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყველაზე შესაფერისი და კომპეტენტური მთავრობაა, რომელსაც ხალხმა დაუჭირა მხარი და რომელსაც ევროპასთან პარტნიორობით შეუძლია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, თანაც (და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია) დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გარეშე. ამით აიხსნება ის უპრეცედენტო ყურადღება, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური ვითარების სტაბილიზების მიმართ გამოიჩინა.
გუშინდელი შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილსა და შარლ მიშელს შორის იყო შეჯამება ორკვირიანი მოლაპარაკებების, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თბილისში მიმდინარეობდა და, რომელმაც, ზოგიერთი რადიკალური პარტიის მხრიდან ჩაშლის მცდელობების მიუხედავად, გარკვეული პროგრესი განიცადა. დღეს აუცილებელია, რომ ევროპელი პარტნიორების ყველა მოწოდება ადეკვატურად იქნას გაგებული და შესრულებული ოპოზიციის მხრიდან. ბოლო თვეებში ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მთავარი სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად გააზვიადოს პოლიტიკური კრიზისი, შექმნას არასტაბილურობის შთაბეჭდილება და შემდეგ ამით დააშანტაჟოს ჩვენი ხელისუფლება, თითქოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, თუნდაც ცალკეული პოლიტიკოსები, კრიტიკულნი არიან მთავრობის მიმართ და მხარს არ უჭერენ საქართველოს.
პრემიერის მიმდინარე ვიზიტი და წინა კვირას „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, რომელიც ასევე ბრიუსელში შედგა, ცხადად გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ყველა მცდელობა არა მარტო უშედეგოა, არამედ განწირულია სრული კრახისათვის. დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველო რჩება დემოკრატიის და სტაბილურობის ასევე, რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო ბასტიონად რეგიონში. დღეს არ არის იმის დრო, რომ ექსპერიმენტები ვატაროთ, რამდენს გაუძლებს საქართველო და მისი სახელმწიფო ინსტიტუტები. ოპოზიციის ქმედებები არა მთავრობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს აზიანებს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციის ნაწილს, ადეკვატურად გაიაზრონ მათი საერთაშორისო ძალისხმევის წარუმატებლობა და დაუბრუნდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ დიალოგს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს სამომავლო პერსპექტივა. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ შორის პოლიტიკური შეთანხმება მხოლოდ საქართველოს მთავრობას კი არ აწყობს, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და პოსტპანდემიური კრიზისის უახლოეს თვეებში დაძლევისთვისაა სრულიად აუცილებელი. გმადლობთ“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.