გიორგი ხელაშვილი - მხარდამჭერი აქტის ხელახლა დაინიცირება დასტურია, რომ ახალი კონგრესი და ადმინისტრაცია ისევე განუხრელად უჭერენ მხარს საქართველოს, მის მთავრობას, როგორც წინა ადმინისტრაციები
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, აშშ-ის ახლად არჩეულმა კონგრესმა ხელახლა დააინიცირა საქართველოს მხარდამჭერი აქტის რედაქცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, ასევე მის ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპირებულ ტერიტორიებში მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და წარმოადგენს სერიოზულ პოლიტიკურ გზავნილს საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობისთვის.
მისივე განარტებით, აღნიშნული სერიოზული გზავნილია იმის გამო, რომ ახლადარჩეულმა კონგრესმა თავისი ერთ-ერთი ყველაზე პირველი საგარეო პოლიტიკური განცხადება, რეზოლუცია დააინიცირა სწორედ საქართველოსთან მიმართებაში.
„მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ამ ინიციატივის ავტორი არის კონგრესმენი კონოლი, რომელიც დემოკრატი და პრეზიდენტ ბაიდენის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ახლო მხარდამჭერია კონგრესში. იმავდროულად, კონგრესმენი კონოლი წარმოადგენს ნატო-ს საპარლმენტო ასამბლეის პრეზიდენტს. მეორე მხარდამჭერი რესპუბლიკური პარტიიდან კონგრესმენი კინზინგერია, რომელიც ბოლო ხანს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კანონმდებლად ჩამოყალიბდა ამერიკის კინგრესში. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ახალი კონგრესი და ახალი ადმინისტრაცია ზუსტად ისევე განუხრელად უჭერენ მხარს საქართველოს და მის მთავრობას, როგორც წინა და იმის წინა ადმინისტრაციები“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „ინიციატორები, მათ შორის კინზინგერი, საკმაოდ კრიტიკული იყო საქართველოს ხელისუფლების მისამართით წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდეგაც. შეცვალა დამოკიდებულება?“, – ხელაშვილი პასუხობს, რომ ამერიკელებისგან ყოველთვის ისმის კრიტიკა, რაც ბუნებრივია.
„იგივე შეიძლება ითქვას კინგრესმეს კონოლიზეც და კინზინგერზეც. ეს არის ისტორიული მიცემულობა, რომელსაც ვხედავთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება ჩვენ დისკუსია ამ კონგრესმენებთან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე პოზიციას იცვლის. რა თქმა უნდა, კინზინგერი, ისევე, როგორც სხვა კონგრესმენები, დარჩებიან ძალიან ურყევ მხარდამჭერებად და იმავდროულად, ექნებათ კრიტიკული შენიშვნები. ამაში განსაკუთრებული არაფერია“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, კონგრესმენებმა ადამ კინზინგერმა და გერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კვლავ წარადგინეს.