გიორგი ხელაშვილი - მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობების დადასტურებაა
მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობების დადასტურება და კიდევ ერთხელ აღიარებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ამ პროცესების გამოვლინება იყო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები.
„მივიღეთ მხარდაჭერის ორი ძალიან სერიოზული გზავნილი – ერთი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან, ხოლო მეორე საკანონმდებლო ორგანოსგან, სენატიდან. ალბათ, უკვე გაიგებდით, რომ 17-18 ნოემბერს საქართველოში შედგება ამერიკის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ოფიციალური ვიზიტი. ეს ვიზიტი წარმოადგენს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უპრეცედენტოდ მაღალი დონისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ურთიერთობების დადასტურებას და კიდევ ერთხელ აღიარებას. ბატონი პომპეოს ვიზიტის მიზანია მოკავშირეებთან ურთიერთობების გამყარება. თუ ვნახავთ მისი ტურნეს მიმდევრობას, ის ჩადის ყველაზე მეტად საიმედო მოკავშირე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. ასევე, მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული უსაფრთხოების გარკვეული მოვლენების პარალელურად. დემოკრატიული სამყაროს ლიდერი, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და ამ პროცესების გამოვლინება იყო ბოლო არჩევნები, რომელიც ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.
მინდა, შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო უწყვეტი და მზარდი მხარდაჭერისათვის, რომელიც გამოიხატება როგორც დიპლომატიურ, ასევე პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერაში. ამ მხარდაჭერის მიზანი იყო, არის და იქნება საქართველოში სტაბილურობისა და დემოკრატიის განვითარება“, – განაცხადა ხელაშვილმა.
დღევანდელ ბრიფინგზე ხელაშვილმა ყურადღება გაამახვილა ასევე აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას გულისხმობს. მისივე თქმით, დოკუმენტში ჩანაწერი, რომელიც საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის შეყოვნებას ეხებოდა, მხოლოდ დროებითი იყო და საბოლოოდ ეს ნაწილი მთლიანად ამოღებულია.
„კიდევ ერთი სასიხარულო ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ბატონი პომპეოს ვიზიტის წინ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, კერძოდ სენატის ასიგნებათა კომიტეტმა, რომელიც ფინანსებს განკარგავს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დაამტკიცა საქართველოსთვის უპრეცედენტოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი – 132 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება საქართველოსათვის. ჩვენ ამ უპრეცედენტო დახმარებას ძალიან ვაფასებთ ორი მიზეზის გამო – უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ეკონომიკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს თანხა, განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, და მეორე – ეს გაზრდილი დახმარება არის პირდაპირი პოლიტიკური გზავნილი იმის შესახებ, რომ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ვითარდება და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს ურთიერთობა გადავა თვისებრივად ახალ დონეზე.
გახსოვთ ალბათ სპეკულაციები საქართველოსთვის ლამის სანქციების დაწესების თაობაზე. როგორც იცით, ოპონენტების ძალისხმევით, ზაფხულში ამერიკული დახმარების პროექტში დროებით გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15 პროცენტის შესაძლო შეყოვნების თაობაზე. საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანადაა ამოღებული, რაც იმის ნიშანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სწორ განვითარებას, სწორი გზით განვითარებას და მხარს უჭერს იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს. ეს ნიშნავს ასევე კიდევ ერთ რამეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო – სენატი, ამ შემთხვევაში არც კი განიხილავს დათქმებსა და შეკითხვებს საქართველოსთვის დახმარების გაწევაზე და უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების თანამშრომლობას. ჩვენი პარტიისა და ქართველი ხალხის სახელით, მინდა ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ გულუხვი დახმარებისა და სწორი პოლიტიკური გზავნილებისათვის“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.