გიორგი ხელაშვილი - გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას მიღებული გზავნილები მთლიანად ემთხვევა ჩვენს მოლოდინებს და „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას
გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას მივიღეთ ძალიან კარგი, მხარდამჭერი გზავნილები, რაც მთლიანად ემთხვევა როგორც ჩვენს მოლოდინებს, ასევე, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას როგორც უკრაინასთან, ისე, რეგიონთან და ისე ნატო-სთან მიმართებაში“, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
გაერთიანებულ სამეფოში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შეფასებისას, გიორგი ხელაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო რეგიონული კონფლიქტისა და საქართველოს მიმართ გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებულება.
„შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო დიდი ბრიტანეთის დამოკიდებულება რეგიონული კონფლიქტის და ასევე, საქართველოს მიმართ. საინტერესო იყო მოსმენა, თუ როგორ უყურებს დიდი ბრიტანეთი რეგიონულ კონფლიქტებს და ასევე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის მოსმენა, რომ დიდი ბრიტანეთი ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური წევრია, რომელიც ვითარების დეესკალაციასა და უკრაინის დახმარებას ცდილობს და ყველაზე უფრო ერთგულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების. ეს იყო ძალიან კარგი, მხარდამჭერი გზავნილები მათი მხრიდან, რაც მთლიანად ემთხვევა როგორც ჩვენს მოლოდინებს, ასევე, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას როგორც უკრაინასთან მიმართებაში, ისე, რეგიონთან მიმართებაში, ისე ნატო-სთან და უფრო კონკრეტულად, დიდ ბრიტანეთთან მიმართებაში“,- განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ასევე, დემოკრატიის განმტკიცებაზე, ბიზნესის განვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
„შეხვედრების ამოსავალი წერტილი იქნება დემოკრატიის და ბიზნესის განვითარება – მეტი ბრიტანული ინვესტიცია საქართველოში. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან განვიხილავთ ჩვენს რეგიონულ პრობლემებს, უკრაინის კონფლიქტს და ვიმსჯელებთ, თუ როგორ შეგვიძლია, ერთად, მოვახდინოთ კონფლიქტის დეესკალაცია და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი ბრიტანეთი, მიუხედავად იმისა, რომ თავად აღარ არის ევროკავშირის წევრი, აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, ნინო წილოსანი, გიორგი ხელაშვილი და თეონა აქუბარდია, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.