გიორგი ხელაშვილი - ევროკომისიის დოკუმენტზე ოპოზიციის ნაწილის რეაქცია გვაიმედებს, რომ ისინი შეიძლება, გონს მოეგონ და ჩვენთან ერთად იმუშაონ, იმედია, ეს მისცემთ სიმამაცეს, წინ აღუდგნენ ხაბეიშვილებს, ვაშაძეებს, ხოშტარიებს, ბოკერიებს
ევროკომისიის დასკვნა ქვეყნისთვის და მთავრობისთვის არის ძალიან კარგი, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს ევროკომისიის ანგარიში ქვეყნისთვის და რას ნიშნავს ხელისუფლებისთვის, რომელიც არის მთავარი პასუხისმგებელი საქართველოს ევროპულ მომავალზე.
„ქვეყნისთვის იმიტომ, რომ დაიდო ძალიან ძლიერი არგუმენტი, რომ საქართველო უფრო მეტად არის მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ვიდრე ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა და არა მხოლოდ უკრაინა-მოლდოვა. ეს, იმ აღიარებასთან ერთად, რასაც ჰქვია ევროპული პერსპექტივა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, უკვე არის დოკუმენტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი არგუმენტის ძალა. მთავრობისთვის ეს დასკვნა არის ძალიან ძლიერი არგუმენტი, რადგან დადასტურდა ის, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, საქართველო არის მზად და საქართველოს მიმართ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ახლა მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იქით, რომ უახლოეს თვეებში ეს არგუმენტი და 12 პუნქტთან დაკავშირებით გატარებული რეფორმები გახდეს ორი ძალიან მძლავრი ეფექტი, რითიც გარანტირებულად უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თუმცა ეს ჯერ მაინც არ არის ადვილი. უზარმაზარი სამუშაოა შესასრულებელი და გარდა ამისა, არავის მოუხსნია დეპოლარიზაციის, ქვეყნის შიგნით გარკვეული თანხმობის მიღწევის ვალდებულება“, – განაცხადა ხელაშვილმა.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა, აღნიშნული ანგარიში მიჩნეულ იქნას ერთგვარ აღიარებად, რომ საქართველო მაშინაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, როცა პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ჩვენმა ქვეყანამ მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიიღო, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ამ ახალი დოკუმენტის სხვაგვარი ინტერპრეტაცია შეუძლებელია.
„როცა მოლდოვა საქართველოს ჩამორჩება არა ერთი და ორი, არამედ დაახლოებით თორმეტი ქულით, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ემოციურად ან რაღაც სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შეიძლება, ევროპის შიგნით რომელიმე დიდი ქვეყნის ჩარევით. ჩვენ გვახსოვს პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ საქართველო გეოგრაფიულად სხვაგან მდებარეობს და ამიტომ ეს ფაქტორი რაღაცნაირად გაითვალისწინეს. ეს ახალი დოკუმენტი საკმაოდ მძლავრად პასუხობს მთელ ამ ფსევდოარგუმენტებს საქართველოს წინააღმდეგ როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა ხელაშვილმა.
როგორც ხელაშვილმა აღნიშნა, დეპოლარიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება.
„ამ დოკუმენტზე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის რეაქცია გვაიმედებს, რომ ისინი შეიძლება, გონს მოეგონ, უკან წაიღონ თავიანთივე არგუმენტები, რომ ეს მთავრობის ბრალი იყო, მთავრობა მზად არ იყო და ჩვენთან ერთად იმუშაონ. „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია, გასულია პოლიტიკური სპექტრიდან. ეს არის ბოლშევიკური ფსევდორევოლუციური პარტია, რომელიც ახლა კიდევ უფრო გარადიკალდა, ვინაიდან ლიდერად სრულიად არაადეკვატური პიროვნება აირჩიეს. ის, რომ ამ ოპოზიციის ლიდერი ხაბეიშვილია, არის შეურაცხყოფა არა მარტო საქართველოსი, არამედ თავად „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისთვის. წესით, ასევე არის შეურაცხყოფა იმ პარტიების, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდნენ. ამიტომ შეგვიძლია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემთხვევაში ხაზი გადავუსვათ, როგორც შესაძლო პარტნიორს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ 12 პუნქტში არის მთელი რიგი მუხლები, რომლებსაც ხმების გარკვეული რაოდენობა სჭირდება, რათა შესრულდეს, და ოპოზიციის ნაწილი, რომელიც სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობს, ძალიან ხშირად შინდება ამ რადიკალების თავდასხმების გამო. მე იმედი მაქვს, ევროკავშირის ეს დოკუმენტი მათ მისცემს ადამიანურ, მორალურ და პოლიტიკურ სიმამაცეს, რომ წინ აღუდგნენ ხაბეიშვილებს, ვაშაძეებს, ხოშტარიებს, ბოკერიებს და მსგავს პიროვნებებს“, – განაცხადა ხელაშვილმა.
შეკითხვაზე, სად არის იმის გარანტია, რომ ევროპა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საქართველოს სასიკეთოდ მიღებს, გიორგი ხელაშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში გარანტიები არ არსებობს, მით უმეტეს, ასეთ რთულ პირობებში, როდესაც ჩვენი რეგიონი, ფაქტობრივად, ინგრევა.
„ერთი შეხედვით, თითქოს უკრაინის ამ კატასტროფამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ფანჯარა გამოაღო ევროპისკენ ჩვენთვის, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, სამწუხაროდ, ის ნგრევა, რასაც ეს ომი მოიტანს, რეგიონში ძალიან უკან დაგვხევს ყველას, შეიძლება, თავად ევროპასაც კი და ბევრად უფრო გაართულებს ევროპის შეჭიდულობის პროცესს, რადგან ეს აჩენს ახალ წინააღმდეგობებს თავად ევროპაშიც – დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც, სამხრეთშიც. სწორედ ამაზე თამაშობს პუტინი. ამ დიდ სურათს თუ შევხედავთ, ეს ძალიან რთული პროცესია. ასე რომ, არანაირ გარანტიაზე აქ არ არის ლაპარაკი. ჩვენ თვითონ უნდა შევქმნათ ეს გარანტიები“, – განაცხადა ხელაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის შინ თუ გარეთ არიან ძალები, რომლებიც საქართველოს გაშავებას და მისი ავტორიტეტის დაწევას ცდილობენ, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მოლოდინი პოზიტიურია, განსაკუთრებით, ევროკომისიის დასკვნის შემდეგ.
ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში 3 თებერვალს გამოაქვეყნა.