გიორგი ხელაშვილი - ჟიგიმანტას პავილიონისმა თავისი დიპლომატიური მისიით ფიასკო განიცადა, ეს საქართველო-ლიეტუვის ურთიერთობებს ვერ დააზარალებს
ბატონმა პავილიონისმა თავისი დიპლომატიური მისიით ფიასკო განიცადა. ეს ფიასკო საქართველო-ლიეტუვის ურთიერთობებს ვერ დააზარალებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, პავილიონისის საქციელი მიმართული არ იყო საქართველოში კრიზისის განმუხტვისაკენ.
„ფაქტია, რომ ამან კიდევ უფრო გაამწვავა ის ხმაური და გარკვეული გაუგებრობა, რაც დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებთან. არ მიმაჩნია, რომ მისი მისია იყო კონსტრუქციული, მათ შორის მისი გუშინდელი ვირტუალური დაპირისპირება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან. ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადება არის სრულიად ადეკვატურია. მან მოუწოდა პავილიონისს, ნუ ამწვავებს ურთიერთობებს საქართველოს შიგნით და ასევე საქართველოსა და ლიეტუვას შორის. ჩვენი უაღრესად მეგობრული ურთიერთობები გვაქვს ლიეტუვასთან, რომელიც 30 წელს ითვლის და ჩვენ ყოველთვის გვაქვს განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობები. ეს განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის ჩანასახიდან, როდესაც ჩვენ და ლიეტუვა გათავისუფლებისთვის ერთად ვიბრძოდით. დღეს ერთად ვმოძრაობთ დემოკრატიზაციისკენ. ბატონმა პავილიონისმა თავისი დიპლომატიური მისიით ფიასკო განიცადა. ეს ფიასკო საქართველო-ლიეტუვის ურთიერთობებს ვერ დააზარალებს“, – განაცხადა ხელაშვილმა.