გიორგი ხელაშვილი - 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში
საქართველოსთვის გაერო-ს პლატფორმა ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო მასშტაბით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრემიერი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის რამდენიმე სასიცოცხლოდ აუცილებელ მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.
როგორც ხელაშვილმა აღნიშნა, პრემიერმა დასაწყისშივე დიდხანს ისაუბრა დემოკრატიის მნიშვნელობაზე, ეს დაუკავშირა არამარტო შიდა პოლიტიკას, რაც დაკავშირებულია 2 ოქტომბრის არჩევნებთან, არამედ რეგიონში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის გავრცელებას.
„ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თავად საქართველოს პოზიციონირებას მსოფლიოში რას წარმოვადგენთ, სად ვართ და კიდევ ერთხელ, მთელი მსოფლიოსთვის დადასტურებას, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. განსაკუთრებით, მინდა ხაზი გავუსვა, რომ პრემიერმა დასაწყისშივე ძალიან დიდხანს ისაუბრა დემოკრატიის მნიშვნელობაზე. ეს დაუკავშირა არამარტო შიდა პოლიტიკას, რაც რასაკვირველია, დაკავშირებულია 2 ოქტომბრის არჩევნებთან, არამედ რეგიონში რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის გავრცელებას და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესს. ძირითადად მან ისაუბრა ოკუპაციის საშიშროებაზე და ძალიან ცხადად განაცხადა, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს. ასევე, პირველად მოხდა, რომ იანვარში ჩვენს მიერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გამარჯვების შემდეგ, მან ციტირება გააკეთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაულებების და ამ დანაშაულებებში რუსეთის როლის შესახებ, რაც გაერო-ს ტრიბუნიდან დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, -განაცხადა ხელაშვილმა.
მისივე თქმით, ორი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ახლდა თან პრემიერის განცხადებას.
„ეს ორი სიახლე არის შემდეგი: 30 წლის განმავლობაში წელს საქართველოს მთავრობამ პირველად შესთავაზა თავისი შუამავლობის ფუნქცია მეზობლებს და გამოვიდა როგორც უმნიშვნელოვანესი ინიციატორი რეგიონში სამშვიდობო პროცესის დაწყების. მსგავსი რამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობის თვალსაზრისით ჯერ საქართველოს მთავრობას წინა ათწლეულებში არ გაუკეთებია. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯები აღიარებული იქნა არამარტო სომხეთისა და აზერბაიჯანის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და განსაკუთრებით დასავლეთის. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაზეც განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება პრემიერმა. მეორე ნაწილი ამ ინიციატივის არის, ისტორიული მნიშვნელობის და ეს დაკავშირებულია შემდეგთან: აქამდე, მოყოლებული 1991 წლიდან, როდესაც ზვიად გამსახურდიამ პირველად კავკასიური სახლის იდეა წარმოადგინა, მას შემდეგ ვნახეთ ძალიან ბევრი ინიციატივა, ეს ინიციატივები ეკუთვნოდა შევარდნაძეს, ალიევს, ბორის ელცინს 1996 წელს, ბოლო ხანს მსგავსი ინიციატივა გააჟღერა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა. პირველად მოხდა ამ 30 წლის განმავლობაში, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს სამშვიდობო მისია რეგიონში. პრაქტიკულად, ეს არის მოწოდება სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, რომ კავკასიის სამმა ქვეყანამ თავის თავზე აიღოს ისტორიული მისია, ჩვენს რეგიონს ჩვენ თვითონვე მოვუაროთ. როდესაც პრემიერი საუბრობდა, რომ თბილისმა უნდა უმასპინძლოს რეგიონულ ინიციატივას, იქვე მან თქვა ერთი რამ, ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოსთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, რაშიც იგულისხმება დასავლეთის ჩართულობა. საუბარი არის არამხოლოდ კონფლიქტების გადაწყვეტაზე, პრემიერის ახლანდელი ინიციატივა უკავშირდება იმ სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომელთა ფარგლებშიც თანამშრომლობის დაწყებამ უნდა მიგვიყვანოს კონფლიქტების გადაჭრის ლოგიკურ დასრულებამდე“, – განაცხადა ხელაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მონაწილეებს გუშინ მიმართა.
გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა: „ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მთელ რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთ „სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას“ ჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად“.