გიორგი ხელაშვილი - 2012 წლის შემდეგ კულტურის დაფინანსება 42 პროცენტით, სპორტის კი 70 პროცენტით გაიზარდა
გიორგი ხელაშვილი - 2012 წლის შემდეგ კულტურის დაფინანსება 42 პროცენტით, სპორტის კი 70 პროცენტით გაიზარდა

კულტურისა და სპორტის განვითარება და ახალგაზრდებზე ზრუნვა სახელმწიფოს განსაკუთრებული პრიორიტეტია, – განაცხადა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ხელაშვილის თქმით, 2012 წლის შემდეგ კულტურის დაფინანსება 42 პროცენტით, სპორტის დაფინანსება კი 70 პროცენტით გაიზარდა.

„ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა კულტურული მემკვიდრეობის 463 ობიექტის რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 63 მუზეუმს, თეატრალურ უნივერსიტეტს, სამხატვრო აკადემიას, სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზს. ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, განხორციელდა ოზურგეთისა და სენაკის თეატრების მასშტაბური რეაბილიტაცია, მიმდინარეობს ზუგდიდის თეატრისა და თბილისის სომხური თეატრის ასეთივე მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტები. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა თბილისის დინამოს სტადიონს, აშენდა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების ბათუმის სტადიონი, შენდება 10 ათას მაყურებელზე გათვლილი სპორტის ახალი სასახლე თბილისში, აშენდა ათეულობით სპორტული ბაზა საქართველოს მასშტაბით. ქართველი სპორტსმენები გამოირჩევიან უპრეცედენტოდ მაღალი სპორტული მიღწევებით – 2012 წელთან შედარებით 3,5-ჯერ გაიზარდა ქართველი სპორტსმენების მიერ აღებული მედლების რაოდენობა, დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კულტურისა და სპორტის განვითარება და ახალგაზრდებზე ზრუნვა „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება. შეიქმნება კულტურის მართვის მოქნილი, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული მოდელი და დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმი.

„სახელმწიფო ხელს შეუწყობს ქართული ხალხური სიმღერისა და ქართული ცეკვების პოპულარიზაციას, სწავლებას და ამ სფეროში მოღვაწე ხელოვანთა საქმიანობას. ხელს შევუწყობთ თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახალი პროექტების განხორციელებას, თანამედროვე ფერწერის, ელექტრონული მუსიკის არქიტექტურის, დიზაინის განვითარებას და ახალგაზრდა არტისტების ინიციატივებს. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა კინემატოგრაფის განვითარებას. სახელმწიფო ხელს შეუწყობს როგორც ქართული კინოპროდუქციის შექმნას, ასევე საერთაშორისო კინოინდუსტრიის დაინტერესებას საქართველოსთან თანამშრომლობით. განვაგრძობთ თეატრების მხარდაჭერას და ამ სფეროში საქართველოსა და საერთაშორისო თეატრალურ კოლექტივებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას. სახელმწიფო ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში საქართველოსა და საზღვარგარეთის მაღალი დონის ფესტივალების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციას მოემსახურება. ქვეყნის მასშტაბით განვაგრძობთ მუზეუმების რეაბილიტაციას, მათ აღჭურვას თანამედროვე სტარდარტებით და ხელს შევუწყობთ ვიზიტორების მოზიდვას. კულტურის რესურსი აქტიურად იქნება გამოყენებული ტურიზმის მდგრად განვითარებასა და შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარებაში“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, გაიზრდება პროფესიულ და მასობრივ სპორტში ჩაბმულ პირთა, მათ შორის ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობა.

„აშენდება საერთაშორისო სტანდარტების სპორტული მოედნები, დარბაზები და სპორტის სასახლეები, ასევე მასობრივი სპორტული ობიექტები, მათ შორის: ახალი სპორტის სასახლე თბილისში, რომელიც 2022 წელს „ევრობასკეტს“ უმასპინძლებს. 2023 წელს საქართველო უმასპინძლებს თხილამურებსა და სნოუბორდში თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს, ხოლო ჩემპიონატის ჩატარებამდე – 12 საერთაშორისო ტურნირს. განხორციელდება ღონისძიებები ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის აღიარებისა და პროფესიული სტანდარტის შემუშავების მიზნით. შემუშავდება არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდული სივრცეების განვითარებას, ახალგაზრდების ინფორმირების მექანიზმების ჩამოყალიბებას და ახალგაზრდებში სამეწარმეო და მოხალისეობრივი კულტურის, სხვადასხვა საკვანძო კომპეტენციების განვითარებას“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.