გიორგი ხარჩილავა - ვინარჩუნებ პატივისცემას პაატა ბურჭულაძის, ნიკა მაჭუტაძის მიმართ, დანარჩენი ჩვენი პირადი საუბრის თემაა 
გიორგი ხარჩილავა - ვინარჩუნებ პატივისცემას პაატა ბურჭულაძის, ნიკა მაჭუტაძის მიმართ, დანარჩენი ჩვენი პირადი საუბრის თემაა 

ვინარჩუნებ პატივისცემას პაატა ბურჭულაძის, ნიკა მაჭუტაძის მიმართ, დანარჩენი ჩვენი პირადი საუბრის თემაა, – ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ განაცხადა.

ხარჩილავა გამოეხმაურა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მაჭუტაძის განცხადებას, სადაც მაჭუტაძე ამბობს: „მედიით შევიტყვეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საბჭოს წევრი, გია ხარჩილავა თურმე სხვა პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში შესულა. ერთი წინადადება მაინც მოეწერა და ეთქვა“.

ხარჩილავას თქმით, დისკომუნიკაციას ორმხრივი მიზეზი შეიძლება, ჰქონდეს.

„ეს არ არის იმ კატეგორიის საკითხი, რომელიც კლავიატურით და „ფეისბუქით“ უნდა განვითარებულიყო. ყრილობაზე პოლიტსაბჭოში ამირჩიეს, როგორც ერთადერთი ოპოზიციური გამარჯვებული მერი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ვიყავი წარდგენილი. ვინარჩუნებ პატივისცემას პაატა ბურჭულაძის მიმართ, ნიკას მიმართ და დანარჩენი ჩვენი პირადი საუბრის თემაა. ჩვეულებრივი პოსტსაარჩევნო პერიოდია, ემოციები დუღს და ამ ჭრილში განვიხილავ ამ ყველაფერს, თორემ ვის მეტი დამსახურება აქვს და ვის ნაკლები, დეტალებსა და პოლემიკაში არ შევდივარ. დისკომუნიკაციას ალბათ ორმხრივი მიზეზი აქვს და ამ ამბავს ჩვენ თვითონ გავარკვევდით. ამიტომ ვიმეორებ, ეს არ იყო თემა, რომელიც ეგრევე კლავიატურით და „ფეისბუქის“ საშუალებით უნდა განვითარებულიყო“, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.