გიორგი ხანიშვილი - გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია, ახლა კი, თავიანთი დამოკიდებულებით, კვლავ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება
გარკვეულ ძალას ჰყოფნის თავხედობა და საუბრობს იმაზე, რაც არ უკეთებია, ახლა კი, თავიანთი დამოკიდებულებით, კვლავ შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება, – ასე ეხმაურება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ქართულმა ოცნებამ“ სოფლის მეურნეობას განვითარების პერსპექტივა მოუსპო.
ხანიშვილის თქმით, მანამდე არც ერთ ხელისუფლებას, არც გონიერება ეყო და არც ხედვა, იმისთვის, რომ ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის ნებისმიერი კომპონენტის დაფინანსება დაეწყო.
„მაცივრებზე, პროექტზე – „დანერგე მომავალი“, ბაღების გაშენებასა და სხვა კომპონენტებზე ფიქრი დაიწყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს. დღემდე, აშენებულია 45-ზე მეტი მაცივარი და გადამმუშავებელი საწარმო, რაშიც ჩადებულია 130 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც სახელმწიფომ, გრანტის სახით, 20 მილიონ ლარზე მეტი მისცა ფერმერებს და 19 მილიონ ლარამდე კი, კრედიტში სუბსიდირებას მოხმარდა. ამ მაცივრების დამსახურებაა სწორედ ის, რომ საქართველოში ტრადიციად იქცა წარმატებული საექსპორტო პროდუქტის სქემა. მიმდინარე წელს ექსპორტზე გავიდა 23 000 ტონაზე მეტი ატამი. თუ ატმის ფასი მანამდე 20-22 თეთრს შეადგენდა, დღეს ლარად და ლარნახევრად გაყიდა კახელმა გლეხმა. მარტო ატმიდან ორ თვეში 110-120 მილიონი ლარი იყო შემოსავალი“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.