გიორგი ხანიშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების შეერთებით თანამშრომელთა გათავისუფლება არ მომხდარა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, გაერთიანების შედეგად თანამშრომელთა გათავისუფლება არ მომხდარა.
მისივე თქმით, ყველა თანამშრომელი გადანაწილებულია.
„მინდა ხაზი გავუსვა ერთ საკითხს, რომელიც ჩვენს თანამშრომლებს აწუხებთ. იცით, რომ ყველა ჩვენი თანამშრომელი გადაინიშნა, დაინიშნა იმ თანამდებობაზე, სადაც არის. მიდის სტრუქტურის შემუშავება, რომლის ობიექტურობაში ეჭვი რომ არავის შეეპაროს, UNDP-ის ექსპერტები მუშაობენ და პროცესი იქნება გამჭვირვალე და საჯარო. შემდგომში მოხდება ახლადშექმნილი სამინისტროს სტრუქტურაში ამავე საჯარო კანონმდებლობის მიხედვით თანამშრომლების გადანიშვნა და მობილობის შეთავაზება”,- განაცხდა ხანიშვილმა.
მისივე განმარტებით, ჯერ უცნობია, რომელ შენობაში განთავსდება გაერთიანებული სამინისტრო.
„დღეს დისკუსია არ მიმდინარეობს, რომელ შენობაში განთავსდება გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გარწმუნებთ, ნამდვილად იქნება ობიექტური გადაწყვეტილება თუ სად, რომელი შენობა იქნება სრულყოფილი განთავსებისთვის. ჯერჯერობით, რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, ვფიქრობთ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობა თავისი მასშტაბებით, გაცილებით დიდია, ვიდრე გარემოს დაცვის შენობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცალსახად ეს გადაწყვეტილება მიღებულია“, – აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.