გიორგი ხანიშვილი - ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ფასის ზრდის განმაპირობებელი მოთხოვნის გაზრდა და პროდუქციის დეფიციტია და არა, კურსი
გიორგი ხანიშვილი - ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე ფასის ზრდის განმაპირობებელი მოთხოვნის გაზრდა და პროდუქციის დეფიციტია და არა, კურსი

ადგილობრივი წარმოების პროდუქცია უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული ლარის კურსზე, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, სასურსათო პროდუქციის ფასებზე ლარის გაუფასურების გავლენის კითხვაზე პასუხთან დაკავშირებით.

მისი თქმით, იმპორტირებული სასურსათო პროდუქციის მოცულობა საქართველოში 2012-ის წლის შემდეგ არ გაზრდილა, მაშინ, როცა ქვეყანაში წარმოებული სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი თითქმის 70-80 პროცენტით გაიზარდა 2012 წელთან შედარებით.

„სწორედ ეს არის ნიშანი, რომ ადგილობრივი წარმოების პროდუქცია არის უფრო ნაკლებად დამოკიდებული ლარის კურსზე, რადგან ძირითადი წარმოება ხდება ადგილზე, მუშა ხელი და ბევრი სხვა სიკეთე მოიხმარება ადგილზე. ასეთ შემთხვევებში, ჩვენი რეალური გამოსავალი არის, რაც შეიძლება მეტი ხარისხიანი პროდუქცია ვაწარმოოთ, რაც ლარის ასეთ პირობებში, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს. დღეს გვაქვს კარგი სტარტი ატმის მოსავალთან დაკავშირებით, უკვე 10 000 ტონაზე მეტი ატამია გასული, ასევე, დანარჩენი პროდუქციის მიხედვით, ველოდებით კარგ სტარტს ადგილობრივი წარმოების პროდუქციაზე. შესაბამისად, ლარის მერყეობა ნაკლებად იქნება ასახული, ვიდრე შეიძლება იყოს იმპორტირებულ პროდუქციაზე“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გარკვეულ პროდუქციაზე ფასის ზრდის შესახებ დასმულ კითხვაზე კი, ხანიშვილი აღნიშნავს, რომ შესაძლოა, იყოს ფასის ზრდა, მაგრამ კურსზე დამოკიდებულება ასეთ შემთხვევაში ნაკლებია

„ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ფასის ზრდის განმაპირობებელი ძირითადად ბაზარზე მოთხოვნის გაზრდა და პროდუქციის დეფიციტია და არა, კურსი. მაგალითად, ბადრიჯანი, რომელიც ნაწარმოებია ლაგოდეხში ან თუნდაც, ქართლში, რომლის მოყვანის ძირითადი ხარჯი არის ლარში გაწეული, არ შეიძლება, კურსის გამო მერყეობდეს მისი ფასი და იზრდებოდეს“, – განაცხადა ხანიშვილმა.