გიორგი კეპულაძე - სესხებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად აღარ შეიზღუდება
ახალი საბანკო რეგულაციების შედეგად, რომელთა ამოქმედება პირველი იანვრიდან გადაწყდა, სესხებზე ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად აღარ შეიზღუდება. ამის შესახებ პირველ არხს „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა გიორგი კეპულაძემ განუცხადა.
„ჩვენი შეფასება ცალსახად დადებითია. რეგულაციები შერბილდა და გადაიდო მათი ამოქმედება, ანუ კომერციულ ბანკებს დრო ექნებათ მათი იმპლემენტაციისთვის. კოეფიციენტები რადიკალურად განსხვავებულია პირველად ვარიანტთან შედარებით და ეს მნიშვნელოვნად აღარ შეზღუდავს სესხებზე ხელმისაწვდომობას. მნიშვნელოვანია, რომ საშუალო და მაღალშემოსავლიანი სეგმენტისთვის ეს კოეფიციენტი უფრო მაღალია, ვიდრე დაბალშემოსავლიანისთვის. ვფიქრობ, რომ საბანკო ასოციაციისა და ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ძალისხმევამ გარკვეული შედეგი გამოიღო და ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაციები“, – აღნიშნა კეპულაძემ.
ამასთან, ექსპერტი იმედოვნებს, რომ რეგულაციების გადადება პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდება.
„შეიძლება, გაჩნდეს მოსაზრება, რომ ეს უკავშირდება არჩევნების მეორე ტურს. იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით, რადგან ეს მნიშვნელოვნად შეარყევს ნდობას მის მიმართ და კონსტიტუციით გარანტირებულ მის დამოუკიდებლობას“, – განაცხადა კეპულაძემ.
ახალი რეგულაციები, რომელიც კომერციული ბანკებისთვის ხვალიდან უნდა ამოქმედებულიყო, გადაიდო და მთლიანი საფინანსო სექტორისთვის მომავალი წლის პირველი იანვრიდან
ამოქმედდება.