გიორგი კეპულაძე - იმედია, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულებაში ცვლილებები კრედიტზე ყოველთვიურად გადასახდელი თანხის კოეფიციენტს შეეხება
გიორგი კეპულაძე - იმედია, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულებაში ცვლილებები კრედიტზე ყოველთვიურად გადასახდელი თანხის კოეფიციენტს შეეხება

იმედს გამოვთქვამთ, ცვლილებები, რომელიც ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულებაში განხორციელდება, სესხზე ყოველთვიურად გადასახდელი თანხის აქამდე გაწერილ კოეფიციენტებს შეეხება, – ამის შესახებ პირველ არხს ახალი საბანკო რეგულაციების გადავადებასთან დაკავშირებით „საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ განუცხადა.

მისი შეფასებით, დებულების პროექტი კომერციული ბანკებისთვის, ქვეყნის ეკონომიკისა და საბანკო მომხმარებლებისთვის პრობლემებს რეალურად ქმნიდა.

„ვიმედოვნებ, ცვლილებები, რაც განხორციელდება, თუნდაც ტექნიკური, შეეხება კონკრეტულად სესხზე ყოველთვიურად გადასახდელი თანხის აქამდე გაწერილ კოეფიციენტებს, რაც არსებულთან შედარებით ძალიან შემცირებული იყო. იმედია, ეს გაიზრდება და აღარ შეუქმნის პრობლემას კომერციულ ბანკებს სასესხო პორტფელის ზრდასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კეპულაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა გაითვალისწინა საბანკო ასოციაციის, კომერციული ბანკების, სავალუტო ფონდის რეკომენდაცია, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიცია, რომ არსებული სახით ამ რეგულაციების შემოღება მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნიდა საბანკო სექტორსა და მთლიანად ბანკების მომხმარებლებს“, – განაცხადა „საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელმა.

მისი განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკას საბანკო სექტორი აფინანსებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბანკებს პრობლემა არ შეექმნათ.

„მოგვწონს თუ არა, საბანკო სექტორი აფინანსებს ქვეყნის ეკონომიკას. შესაბამისად, თუ საბანკო სექტორს ექმნება პრობლემები, ის ვერ აფინანსებს სათანადოდ ეკონომიკას და პრობლემა ექმნება მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას. შეიძლება, გაგვიხარდეს ბანკების მოგების შემცირება, მაგრამ რეალურად, ბანკების მოგების შემცირება ნიშნავს ნაკლებ ეკონომიკურ აქტივობას, ნაკლებ გადასახადებს ბიუჯეტში და ნაკლებ ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების ამოქმედება, რომელიც პირველი ნოემბრიდან იგეგმებოდა, გადავადდა. როგორც პირველ არხს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, დაგეგმილი რეგულაციები შერბილდა და ტექნიკური დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

მოგვიანებით, ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დებულების განახლებულ სამუშაო ვერსიაში ასახულია ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ყველა ძირითადი ტექნიკური სახის შენიშვნა, თუმცა რეგულირების მთავარი პრინციპები უცვლელი რჩება. ბანკის ინფორმაციით, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ განახლებული დებულება სავარაუდოდ, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა ამოქმედდება.