გიორგი კეკელიძე - სახელმწიფომ განათლება ზოგად ეროვნულ თემად უნდა აქციოს
ადრე თუ გვიან, სახელმწიფომ უნდა შეძლოს საკითხის დეპოლიტიზაცია და განათლება ზოგად ეროვნულ თემად აქციოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა, გიორგი კეკელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„შესაბამისად, ძალიან ბევრი ექსპერტის ჩართულობით უნდა შედგეს ერთიანი, ძალიან მკაფიო კონცეფცია, რომელიც პოლიტიკურ ცვლილებებს არ დაექვემდებარება და მათ შორის, მინისტრების ცვლილებებს“, – განაცხადა კეკელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში ვერაფრით მივაღწიეთ იმას, რომ სკოლა, მასწავლებელი და მოსწავლე არ იყოს ერთჯერადი მიზნების მიღწევის ობიექტი.
„იდება უამრავი კვლევა, გვაქვს არა ერთი შედეგი და ამ შედეგთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები, მაგრამ პასუხები არ არსებობს. არ არსებობს იმიტომ, რომ გვყავს ბევრი მასწავლებელი, ბევრი მასწავლებელი ამავდროულად, უდრის ბევრი მასწავლებლის ოჯახის წევრს და ეს ყველაფერი არის საარჩევნო ხმა. შესაბამისად, დიდია რისკი იმისა, რომ რომელიღაც კითხვაზე მყისიერი, ზუსტი და რიგ შემთხვევაში შეიძლება, მკაცრი პასუხიც იყოს“, – განაცხადა კეკელიძემ.
როგორც კეკელიძემ აღნიშნა, იმას, თუ როგორი მოსწავლეები გვყავს, დიდწილად, პედაგოგის კვალიფიკაცია და საზოგადოების განწყობები განაპირობებს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი გარემო უნდა ჰქონდეთ ბავშვებს იმისთვის, რომ მათი მოტივაცია ამაღლდეს და რა წვლილი აქვს ოჯახს განათლების ხარისხის ზრდაში, გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, რომ გადამწყვეტი არის მიდგომის საკითხი, როგორია მშობლის მეთოდიკა შვილთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ზუსტი მიდგომები, თუ როგორ უნდა იქცეოდეს მშობელი ბავშვთან.
„მართლა ათი საათი უნდა სვამდეს ბავშვს და ამეცადინებდეს თუ გარკვეული დროები უნდა იყოს. დროის გადანაწილება არის ალბათ გადამწყვეტი პრობლემა და ამავდროულად, დამოკიდებულება შვილისადმი, რაც ორგვარია. ხშირად გვხვდება ერთი – ჩემი შვილი არაფრად ვარგა და მეორე – ჩემი შვილი ყველაზე უკეთესია. ამ ორ უკიდურესობაში ცხადია, ბავშვი იჭყლიტება. სამწუხაროდ, ბავშვი მშობლისთვის დიდწილად, არის იმის ინსტრუმენტი, რომ მშობელმა რაღაცნაირად, თავი გამოიჩინოს და თქვას, ჩემი შვილი კარგად სწავლობსო და მხოლოდ ამის გამო აძალებს სწავლას; მხოლოდ აძალებს და შედეგზე არ არის ორიენტირებული. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ეს ამბავი ძალიან ხშირად, მკაფიოდ ჩანს. ის, რომ მშობლები გულგრილები არიან, მეორე პრობლემაც შეიძლება, იყოს. საბოლოო ჯამში, მე მგონია, რომ გადამწყვეტი არის მიდგომის საკითხი, როგორია მშობლის მეთოდიკა შვილთან დაკავშირებით, როგორ თანამშრომლობს მასწავლებელთან და ა.შ“, – განაცხადა კეკელიძემ.
მწერალმა ასევე განაცხადა, რომ თუ არ შეიკრა წრე – ოჯახი, სკოლა, ბავშვი, მასწავლებელი და რიგ შემთხვევაში დირექტორი, როგორც მენეჯერი, რომელიც რაღაც პროცესს განსაზღვრავს, შედეგის მიღწევა წარმოუდგენელია.