გიორგი კაპანაძე - ხელისუფლება და მისი კანდიდატი მეორე ტურს აუცილებლად წააგებს, რადგან ეს ყველაფერი მათემატიკაა და ციფრებს ვერსად წაუვა
ხელისუფლება და მისი კანდიდატი მეორე ტურში არჩევნებს აუცილებლად წააგებს, რადგან ეს ყველაფერი მათემატიკაა, არის ციფრები და ამ ციფრებს ვერსად წაუვა, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, გიორგი კაპანაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„გაყალბებით, მოსყიდვით, დაშინებითა და ხმების კონტროლით ხელისუფლება მიზანს ვერ მიაღწევს. ეს ამბავი გადაწყვეტილია“, – განაცხადა კაპანაძემ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ისეთი განცხადებები აქვს გაკეთებული, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ანტისახელმწიფოებრივია.
„მან, ფაქტობრივად, ჩვენება ქვეყნის წინააღმდეგ მისცა, როდესაც წიგნი დაწერა და შემდეგ ამ წიგნიდან ციტატები რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენა“, – განაცხადა კაპანაძემ.
როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ადამიანის პრორუსულობას ქმედებები განსაზღვრავს და არა პასპორტი.
„გრიგოლ ვაშაძე ჩვენს ქვეყანაში არაღიარების არქიტექტორია. მან ომის შემდეგ არაღიარების პოლიტიკის განხორციელება დაიწყო და შედეგს მიაღწია. მეორე მხრივ, გვაქვს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და მისი წიგნი, რომლის ციტატებიც ოკუპანტებმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს“, – განაცხადა კაპანაძემ.
ამ განცხადებით გიორგი კაპანაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არის გრიგოლ ვაშაძე პატრიოტი და რატომ მიიჩნევა სალომე ზურაბიშვილი პრორუსად, მაშინ როცა გრიგოლ ვაშაძემ 1981 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი და მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში.
პარალელურად კი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ემიგრაციის პირობებში პარიზში დაიბადა, წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნის საფრანგეთის საელჩოში და ასევე როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ის იყო მთავარი მომლაპარაკებელი, რომელმაც საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.