გიორგი კანდელაკმა ნათია თურნავას მიმართა - დაწესებული გაქვთ ბლოკადა სამშობლოში დაბრუნებაზე ადამიანებისთვის, რომლებიც აქედან გაჭირვების გამო წავიდნენ
ქუთაისის აეროპორტზე ძალიან მწვავე დისკუსიები მიმდინარეობდა ორი წლის განმავლობაში – 2009- 2010 წლებში, მაშინ რომ ამის მეათედი მხარდაჭერა გამოგეჩინათ ამ პროექტის მიმართ, ცუდი არ იქნებოდა, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას პარლამენტის სხდომაზე.
ნათია თურნავა დღეს პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მონაწილეობს.
„მე თქვენი მხარდაჭერა არ მახსოვს, საერთოდ არ მახსოვხართ, არ მახსოვს, რამე როლი შეგესრულებინოთ ამ პროექტში. ქუთაისის აეროპორტი დღეს რომ არსებობს, არის „რაინეარის“ დამსახურება. შეთანხმება იყო ასეთი, რომ „რაინეარი“ უნდა შემოსული 2013 წელს, მაგიტომ გადაწყდა ხარჯის გაწევა, რომელიც აწ უკვე საოცნებო „ქართული ოცნების“ მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს გამოაცხადა არამიზნობრივ ხარჯად, არ გახსოვთ? ხომ გახსოვთ? ვიცი, რომ გახსოვთ. არამიზნობრივ ხარჯად გამოაცხადა და გული აიცრუა, მერე თქვეს კარგიაო, მაგრამ სწორედ ამიტომ, ქუთაისის აეროპორტი ძალიან შორს არის იმისგან, რაც უნდა იყოს. დღეს ორ მილიონზე მეტი მგზავრი უნდა იყოს“, – განაცხადა კანდელაკმა.
მისივე თქმით, ნათია თურნავა თავს არიდებს კითხვას, თუ რატომ არ გაიხსნა ფრენები საბერძენთთან.
„საბერძნეთს აქვს ხუთჯერ უკეთესი სტატისტიკა, ვიდრე საფრანგეთს, რომელიც თქვენ შეიყვანეთ უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რატომ არ შეგყავთ საბერძნეთი? დაჰპირდით საზღვრების გახსნას და მერე გადააგდეთ. იმიტომ ხომ არა, რომ საბერძნეთში ძალიან ბევრი ათასი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს, რომელსაც შეიძლება, ახლა მოუნდეს სამშობლოში დაბრუნება. ლატვიის მთავრობა აძლევს „ვიზეარს“ საშუალებას, დანიშნოს ახალი რეისები და რაღაც შემოსავალი მაინც მიიღოს იქაურმა ტურიზმის ინდუსტრიამ. თქვენ დაწესებული გაქვთ ბლოკადა საკუთარ სამშობლოში დაბრუნებაზე ადამიანებისთვის, რომლებიც აქედან წავიდნენ გაჭირვების გამო“, – განაცხადა კანდელაკმა.