გიორგი კანდელაკი - შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს ოკუპაციის მოხვედრის საკითხი დავაყენეთ
შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან შეხვედრაზე ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს ოკუპაციის მოხვედრის საკითხი დავაყენეთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ასევე მისი თქმით, საუბარი შეეხო საქართველოში მომავალი წლის არჩევნებს და იმას, რომ ნაკლებ დარღვევას ჰქონდეს ადგილი, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო.
„შვედეთი ევროკავშირის მნიშვნელოვანი ქვეყანაა. შეხვედრაზე დავაყენეთ ევროკავშირ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს ოკუპაციის მოხვედრის საკითხი. როცა ევროკავშირის ლიდერები ხვდებიან რუსეთის ლიდერებს, იმის გამო, რომ ამაზე საქართველოს მთავრობა არ მუშაობს, საქართველო არ განიხილება. საუბარი უმაღლეს დონეზეა. მით უმეტეს, როცა ევროკავშირის სახელით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება საქართველოსთვის შესაძლებლობაა, სწორედ ამ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა მოხვდეს ევროკავშირის სანქციებში. ეს ასე არ არის დღეს, რადგან საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით არაფერს აკეთებს და ამაზე გავამახვილეთ ყურადღება ისევე, როგორც იმაზე, რომ მომავალი წლის არჩევნების კონტექსტში საქართველოს დახმარება სჭირდება, ყურადღება გვჭირდება, რადგან პრობლემებს რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო – ძალადობა და მოსყიდვა, ნაკლებად შევეჩეხოთ და მთავრობა ვაიძულოთ, ნაკლებ დარღვევას ჰქონდეს ადგილი“, – განუცხადა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
შვედეთის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეას ნორლენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა, შეხვედრაში დეპუტატებიც მონაწილეობდნენ, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“.