გიორგი კანდელაკი - როგორც კი შედგება ერთპარტიული პარლამენტი, „ქართულ ოცნებაზე“ გაიზრდება ზეწოლა პარტნიორების მხრიდან და მათ მაინც მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა
გიორგი კანდელაკი - როგორც კი შედგება ერთპარტიული პარლამენტი, „ქართულ ოცნებაზე“ გაიზრდება ზეწოლა პარტნიორების მხრიდან და მათ მაინც მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და არსებობს თეორიული შანსი მაინც, რომ რაღაც შეთანხმება მოხდეს პარლამენტის პირველ სხდომაზე, ოპოზიცია ყველნაირად შეეცდება ამ შეთანხმების მიღწევას, მაგრამ საჯაროდ არის ცნობილი, რა არის ოპოზიციის შეთავაზებაში პრინციპული საკითხი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

„უბნების ნახევარზე მეტში იყო ბიულეტენების მეტობა ან ნაკლებობა ე.წ. კარუსელის მტკიცებულება. გაყალბებამ იქონია გავლენა მთავრობის ფორმირების საკითხზე, ამგვარი მანიპულაციით მიღებული ე.წ. პარლამენტის ლეგიტიმაცია ოპოზიციის მხრიდან იქნება პირველ რიგში არჩევნების ინსტიტუტის დამსხვრევა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისივე თქმით, ქვეყნისა და დასავლეთის ინტერესია, რომ არჩევნები არ გაუქმდეს და არ დაიმსხვრეს არჩევნების მნიშვნელობა.

„ოცნება“ მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს. ამის შემდეგ, როგორც კი შედგება ერთპარტიული პარლამენტი, „ქართულ ოცნებაზე“ ერთი ორად გაიზრდება ზეწოლა როგორც საზოგადოებრივი, ასევე ჩვენი პარტნიორების მხრიდან და მათ მაინც მოუწევთ წამოსვლა კომპრომისზე, მაინც მოუწევთ საუბარი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე. რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი არის პრინციპული, ეს საჯაროდ არის ცნობილი და აქ დასამალი არაფერი არ არის. სწორედ ეს არის საზოგადოების დაკვეთა“, – განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, პარლამენტში არშესვლას დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები ვერც ერთ შემთხვევაში ტაშს ვერ დაუკრავენ.

„დასავლური ცივილიზაციის ბუნებაა ასეთი, ყოველთვის ჯობია ინსტიტუტების შიგნით ბრძოლა, მაგრამ ამავე დროს არ უნდა დავკარგოთ კონტექსტის აღქმა. კონტექსტი არის ასეთი – პირველ რიგში ინტერესია, მაგრამ დასავლეთის ინტერესიცაა, რომ არჩევნები, როგორც ინსტიტუტი, ამ ქვეყანაში არ გაუქმდეს. ჩვენ გვესმის, გაგებით ვეკიდებით ყველა თანამდებობის პირის ძალისხმევისა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს ამ ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს გაგებით ვეკიდებით მათ მოტივს, რომ ასეთი ხანძარი მათი მოღვაწეობის ფარგლებში არ მოხდეს საქართველოში. ამავე დროს მთავარი პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე და საზოგადოების დაკვეთაც არის ცალსახა“, – განაცხადა კანდელაკმა.