გიორგი კანდელაკი - როცა შეიცვლება ხელისუფლება, შეთანხმდება საზოგადოება, რა ფორმით უნდა გააგრძელოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არსებობა, თუ უნდა გააგრძელოს საერთოდ
თქვენ გადაიქეცით სამარცხვინო პროპაგანდისტულ მანქანად, ესეც გამოსწორდება მომავალში, როცა შეიცვლება ხელისუფლება, შეთანხმდება საზოგადოება, რა ფორმით უნდა გააგრძელოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არსებობა, თუ უნდა გააგრძელოს საერთოდ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა, რომელმაც კანდელაკს გუშინ ცესკო-ს შენობასთან განვითარებული მოვლენების შესახებ კითხვა დაუსვა.
„თუკი ვინმე გადაძვრა ღობეზე, არავინ უშლიდა ხელს პოლიციელს, რომ ეს კონკრეტული ადამიანი შეეჩერებინა“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ღობეზე მხოლოდ ერთი ადამიანი არ ძვრებოდა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა:
„სამარცხვინო, ამაზრზენი, პროპაგანდისტული პირველი არხის შეკითხვებს ასე პირდაპირ ვერ დავდებ პატივს და თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, რომ მუშაობთ ამ ტელევიზიაში. უნდა გრცხვენოდეთ, რადგან თქვენი ტელევიზია გადაიქცა პროპაგანდის მანქანად, ამას ხედავს საზოგადოება. თქვენ არჩევთ კითხვებს, მე ვარჩევ პასუხებს. მათ შორის თქვენი სამარცხვინო ტელევიზიის შეფასებასაც. უაღრესად სამარცხვინო ტელევიზია. დამიტოვეთ შეფასების უფლება. ეს საზოგადოების შეფასებაა. შეფასების უფლებას ნუ წამართმევთ ჯერჯერობით.
თქვენს ბატონს, რომელსაც ემონება თქვენი ტელევიზია, არაფერი თავისუფლების ნატამალი არ არის თქვენს სამარცხვინო ტელევიზიაში, რომლის დაფინანსებაც არის ჩვენი, საზოგადოების ჯიბეებიდან ამოღებული ფული. თქვენ გადაიქეცით სამარცხვინო პროპაგანდისტულ მანქანად. ესეც გამოსწორდება მომავალში აუცილებლად. როცა შეიცვლება ხელისუფლება, შეთანხმდება საზოგადოება, რა ფორმით უნდა გააგრძელოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არსებობა, თუ უნდა გააგრძელოს საერთოდ“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.