გიორგი კანდელაკი - პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს, უნდა გასაჯაროვდეს
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს, უნდა გასაჯაროვდეს.
„„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს არაკომპეტენტური ნაბიჯისგან თავი დაიძვრინოს. „ევროპული საქართველოს“ აზრით, ის, რაც სახელმწიფო საიდუმლოებას არ წარმოადგენს და გრიფი არ ადევს, რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ხოლო რაც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, ამისთვის საპარლამენტო კონტროლის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი – ნდობის ჯგუფი არსებობს, რომელსაც სამწუხაროდ მთავრობა იგნორირებას უკეთებს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
სუს-მა ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.
„თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.