გიორგი კანდელაკი - მთავრობა გადამხდელთა ფულს იყენებდა, რომ ლობისტებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის არჩევის საწინააღმდეგოდ ემუშავათ
„ქართული ოცნების“ მთავრობა გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა, რომ დაქირავებულ ლობისტებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევის საწინააღმდეგოდ ემუშავათ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რა დავალებები გასცა ერთ-ერთ ლობისტურ კომპანიაზე მთავრობამ.
„დღეს საზოგადოების ყურადღება მიიპყრო დოკუმენტებმა, საიდანაც ირკვევა, რომ 2016 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობა იყენებდა გადასახადის გადამხდელთა ფულს, ჩვენს ფულს იმისთვის, რომ დაქირავებულ ლობისტებს ემუშავათ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევის საწინააღმდეგოდ. ამ დოკუმენტებში კიდევ აღმოჩნდა სხვა დოკუმენტები, რომელიც გვიქმნის წარმოდგენას, თუ რაში იხარჯებოდა და იხარჯება გადამხდელთა ფული ლობისტებთან მიმართებაში. დოკუმენტიდან ვიგებთ, რა დავალებები გასცა მთავრობამ ამ კომპანიაზე და ამაში სამწუხაროდ, ნახსენებიც არ არის დეოკუპაციის საკითხები, რომ იმუშაოს დეოკუპაციის საკითხის აქტუალიზებაზე, იმუშაოს, რომ დასავლეთის ლიდერებსა და რუსეთის ლიდერებს შორის ორმხრივ შეხვედრებზე დგებოდეს საქართველოს საკითხი. სამაგიეროდ, დავალებების ჩამონათვალში ვხვდებით, რომ კომპანიამ იმუშაოს ოპოზიციის წინააღმდეგ, კრიტიკის განეიტრალებაზე“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ამასთან, როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, გიგი წერეთელის საკითხი არ არის მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ თემა, არამედ ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის ინტერსში შედის.
„გიგი წერეთელმა აჩვენა თავისი მოღვაწეობით, რომ არანაირი პარტიული დღის წესრიგი არ ჰქონია. ჰქონდა დღის წესრიგი, რაც შედის ცივილიზებული სამყაროს და საქართველოს ინტერესში“, – განაცხადა ბოკერიამ. მისი თქმით, ნახსენები არ არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ნატო.
„საუბარია პარტიის მომზადებაზე, როგორ მოიგონ არჩევნები, ანუ ამაზე იხარჯება ფული და ბოლოს, სრული გაუგებრობაა რა ამოცანებსაც აძლევენ კომპანიას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება არ არის ნახსენები, ნატო არის ნახსენები, მაგრამ განსაკუთრებით ევროპის ნაწილში ძალიან ზოგადი ფორმულირებაა. ყველაფერი ხდება პირიქით, ვიდრე ეს შედის საქართველოს ინტერესებში“, – განაცხადა გიგი ბოკერიამ.