გიორგი კანდელაკი - მივმართავ სუს-ს, შეამოწმა თუ არა რუსეთის დუმის თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ თბილისში მართლმადიდებლობის ასამბლეაზე
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას ეხმაურება. კანდელაკის თქმით, ქუცნაშვილი გავრილოვის გამართლებას ცდილობს და ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ის აფხაზეთის მოვლენებში არ მონაწილეობდა.
კანდელაკის თქმით, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან დაკავშირებით ევროპის ორ ქვეყანაში გამოძიება მიმდინარეობს, რადგან მას რუსული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევენ. „ევროპული საქართველო“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართავს და ითხოვს პასუხს, აწარმოა თუ არა გამოძიება უწყებამ ამ მიმართულებით.
„მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ლიტვის უშიშროების სამსახურის უფროსის განცხადება, რომელიც გამოქვეყნებულია ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე. სადაც ის ამბობს, რომ ეს ასამბლეა არის ქრისტიანობის სახელს ამოფარებული რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი. ასევე, ჩვენ ხელთ არის ესტონეთის დაზვერვის 2019 წლის ოფიციალური ყოველწლიური ანგარიში, სადაც ესტონეთის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ეს ასამბლეა არის რუსული პროპაგანდის პლატფორმა და მოხსენიებულია თვითონ ბატონი გავრილოვი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე რუსული პროპაგანდის ფრონტზე.
გარდა ამისა, ლიტვაში, თბილისის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, რომელსაც ხმა მისცა 86-მა დეპუტატმა, დაიწყო გამოძიება ლიტვის პარლამენტის წევრის ქალბატონი როზოვას წინააღმდეგ, რომელიც მონაწილეობდა და ამ ასამბლეაში. მის მიმართ ისედაც იყო კითხვები, მაგრამ ამ ასამბლეაში მონაწილეობამ გადააწყვეტინა პარლამენტს, რომ დაწყებულიყო ეს გამოძიებას და დგას მისი პარლამენტიდან გაძევების საკითხი.
მინდა, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრმა, მივმართო კითხვით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, სუს-ს. გამომდინარე იქიდან, რომ ნატო-ს წევრი ორი სახელმწიფოს სპეცსამსახური ამბობს, რომ ეს ასამბლეა არის რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობა არის რისკი მათი ეროვნული უშიშროებისთვის, დაინტერესდა თუ არა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ამ საკითხით, შეამოწმა თუ არა რუსეთის დუმის თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ თბილისში, პარლამენტის შენობაში და გამოკითხა თუ არა ბატონი ქუცნაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა წევრები, რომლებიც ტაშს უკრავდნენ ბატონ გავრილოვს, მათ კონტაქტებზე ამ პიროვნებებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, პირდაპირ თბილისის ცენტრში, პირდაპირ პარლამენტში ყოფილიყვნენ დაკავებული ჯაშუშური საქმიანობით“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.