გიორგი კანდელაკი მიხეილ ჯანელიძის განცხადებას არაკომპეტენტურს უწოდებს
„ევროპული საქართველო” შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ „თვითერზე” გაკეთებული ორაზროვანი განცხადების გამო. დეპუტატ გიორგი კანდელაკის თქმით, მინისტრი ჯანელიძე რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, ჭეშმარიტების დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს მაშინ , როდესაც ბრიტანეთის პრემიერი და აშშ დარწმუნებით საუბრობენ საქმეში რუსეთის ბრალეულობაზე.
“მაშინ, როდესაც ბრიტანეთის პრემიერმა და აშშ-მ დარწმუნებით განაცხადეს ამ მტრულ აქტში რუსეთის პასუხისმგებლობის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის ხელისუფლების მსგავსად, სიმართლის დადგენის აუცილებლობაზე საუბრობს. ეს მინიმუმ არაკომპეტენტურია და საქართველოს მოკავშირეების, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს”,-აცხადებს გიორგი კანდელაკი.
„ევროპულ საქართველოში” ამბობენ, რომ მათთვის ასევე მიუღებელია პრემიერის მიერ გაკეთებული მიმართვა რუსეთის ხელისუფლების მიმართ. კანდელაკის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ბრიტანეთი “მაგნიტსკის სიის” მიღებას გეგმავს , „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მიღება აღარ უნდა გაჭიანურდეს. საკითხის სერიოზულობიდან გამომდინარე, პარტია „ევროპული საქართველო” პრემიერს პარლამენტში იბარებს”,-განაცხადა მან.
“არსებულ სიტუაციაში, როცა ცივილიზებული სამყაროს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ სულ უფრო უარყოფითი ხდება, საქართველოს მხრიდან აუცილებელია მეტი აქტიურობა, რაც არანაირად არ ჯდება პრემიერმინისტრის კაპიტულანტურ მიმართვაში. რამდენიმე დღეში დიდი ბრიტანეთი აპირებს “ მაგნიტსკის სიის” მიღებას, რის შემდეგაც იმ პირების მიმართ, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე არიან პასუხისმგებლები, მკაცრი სანქციები გატარდება, ამ ფონზე აღარ უნდა მოხდეს “ ოთხოზორია-ტატუნაშვილის” სიის გაჭიანურება. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მომავალ კვირას ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის წინ პრემიერი პარლამენტში უნდა გამოცხადდეს”, -აცხადებს დეპუტატი.