გიორგი კანდელაკი - ჩვენი ვალია, აფხაზეთში არსებულ მძიმე ვითარებაზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე ვითარებაზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ. ამის შესახებ მან ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში მართლაც ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი და იქ შექმნილი ვითარება, რაზეც შამბა საუბრობს, არის მაგალითი, რა მოაქვს რუსულ ოკუპაციას იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ დარჩნენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ჩვენი ვალია, საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, ხმამაღლა ილაპარაკოს ამ სიტუაციისა და რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის შესახებ უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა კანდელაკმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ „ოპოზიციური ძალების ბლოკის“ შეკრებაზე განაცხადა, რომ აფხაზეთის ხელისუფლებაში უპასუხისმგებლო ადამიანები იმყოფებიან, რომლებმაც მართვა არ იციან და ვითარება თუ არ გამოსწორდება, მათ „მუხლებზე დადგომა და საქართველოს ან რუსეთისთვის მათ შემადგენლობაში მიღების თხოვნა მოუწევთ“.