გიორგი კანდელაკი - აუცილებელია საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო
გიორგი კანდელაკი - აუცილებელია საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო

დეოკუპაცია შეუძლებელია საერთაშორისო ასპარეზზე, დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის გარეშე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა ერგნეთში, საოკუპაციო ხაზთან განაცხადა, სადაც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფებოდა.

„ომის დაწყების თარიღი არის, რა თქმა უნდა, 7 აგვისტო. ასე აღნიშნავს მთელი ცივილიზებული სამყარო, საქართველოსა და რუსეთის მთავრობების გარდა, მაგრამ დღეს, 8 აგვისტოს ჩვენ არამხოლოდ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც შეაჩერეს მტრის სწრაფი შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ სწორედ აქედან, საოკუპაციო ხაზიდან გვინდა, ხაზი გავუსვათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის არამხოლოდ ამ დღეების გახსენება, არამედ მომავალზე და დეოკუპაციაზე ფიქრი. დეოკუპაცია, რა თქმა უნდა, შეუძლებელია საერთაშორისო ასპარეზზე, დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის გარეშე. ბოლოს, როცა შეხვდნენ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, სამწუხაროდ, არ იქნა დაძრული საქართველოს საკითხი. როგორ შეიძლება, ეს იყოს კარგი, თუ ამერიკის პრეზიდენტი არ დაძრავს საქართველოს საკითხს. როგორ შეიძლება, ეს ჩაითვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებად. სწორედ 8 აგვისტოს საოკუპაციო ხაზიდან ჩვენ გვინდა, მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აუცილებელია საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ნონიაშვილის თქმით, ოკუპაციასტან მიმართებით დამოკიდებულება საქმეში უნდა გამოიხატებოდეს.

ოკუპაციისადმი ყოველგვარი შემრიგებლობა ჩვენ და ჩვენს შვილებს გვართმევს მომავალს, ამიტომ ჩვენ არანაირი მორალური უფლება არ გვაქვს, რომ ხელი ჩავიქნიოთ და მომავლისთვის არ ვიბრძოლოთ, მაგრამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა არ არის მხოლოდ სადღეგრძელოები, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ნიშნავს ამ ქვეყნის ფეხზე დაყენების სურვილს, რომელიც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება. ის, რომ ამ ოკუპაციის ხაზისპირა სოფლები არიან მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ; ის, რომ ვეტერანებს მიხედვა სჭირდებათ. ის, რომ დევნილებს სჭირდებათ სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერა, მაგრამ სამწუხაროდ, ხელისუფლებას ამის რესურსი არ ჰყოფნის და მათ შორის ამიტომ არის საჭირო ცვლილებები. ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ ოკუპაციაზე, ოკუპაციისადმი ბრძოლაზე და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე, ეს ყველაფერი სინამდვილეში გამოიხატება კონკრეტულ საქმეებში და საქმეები უნდა მეტყველებდეს ჩვენს დამოუკიდებლობაზე, ჩვენს უნარზე, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ“, – განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.