გიორგი კანაშვილი - ხელისუფლება ცდილობს, სიტუაცია არ დაძაბოს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემა, რაც შეიძლება მალე მოხდეს
ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი აცნობიერებს, რომ ოკუპაციის შეტრიალება და ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი ძალისგან გათავისუფლება შეუძლებელია და დღეს როგორი ტიპის ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, ამას ვერავინ შეძლებს, – ამის შესახებ ”კავკასიური სახლის” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„დღევანდელი რუსეთი ყველაზე აგრესიულ ფაზაშია შესული, ეს ძალიან სახიფათო ქვეყანაა და ამ მოცემულობაში საქართველოს სტრატეგიული ამოცანა უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფა, სტაბილურობის შენარჩუნება, კეთილდღეობის გაზრდა და ევროკავშირისკენ, ნატო–სკენ სწრაფვა უნდა იყოს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სტრატეგიული მოთმინება იმ მიზნით, რომ როცა ამის შესაძლებლობა იქნება, ამ საკითხებს მივუბრუნდეთ და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოვაგვაროთ“, – განაცხადა კანაშვილმა.
ამ განცხადებით ”კავკასიური სახლის” აღმასრულებელი დირექტორი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ხატია დეკანოიძეს გამოეხმაურა, რომელმაც გადაცემაში აღნიშნა, რომ კვირიკაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან წერილი, რომელიც მან რუსეთს მსოფლიო ცივილიზებული სამყაროს საპირისპიროდ მისწერა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს უგულებელყოფს.
გიორგი კანაშვილის თქმით, რუსეთის მიმართ პრემიერის წერილი ტაქტიკურ და სტრატეგიულ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
„ისეთ სიტუაციაში, როცა მართალია, ორი დაკავებული ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა, მაგრამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის თემა ჯერჯერობით დასრულებული არ არის, ტაქტიკურად, ალბათ, ამგვარი განცხადების გაკეთება მართებულია. ხელისუფლება მიზანმიმართულად ცდილობს, სიტუაცია არ დაძაბოს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემა, რაც შეიძლება მალე მოხდეს“, – განაცხადა კანაშვილმა.
როგორც კანაშვილმა აღნიშნა, პრემიერის განცხადების შედეგებზე მსჯელობა რაღაც თვალსაზრისით ნაადრევია და მის შედეგებს რამდენიმე დღეში ვიხილავთ.
„თუ ცხედრის გადმოცემა უახლოეს დღეებში მოხდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრემიერის განცხადება და ეს კონსტრუქციული მიდგომა სწორი იყო. ხოლო თუ ეს სტატუს კვო გაგრძელდა, საქართველოს ხელისუფლებას, სავარაუდოდ, უფრო მკაცრი განცხადებების გაკეთება მოუწევს“, – განაცხადა გიორგი კანაშვილმა.