გიორგი კანაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ორგანიზაციამ თუ სასამართლომ თქვას, რომ 2008 წლამდე და შემდეგაც, ეფექტური კონტროლის განმახორციელებლად რუსეთი რჩება
დეოკუპაციის პოლიტიკურ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ორგანიზაციამ თუ სასამართლომ თქვას, რომ 2008 წლამდე და მის შემდეგაც, ეფექტური კონტროლის განმახორციელებლად რუსეთი რჩება, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, გიორგი კანაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, კონფლიქტებთან მიმართებით საქართველოს პოლიტიკის ორი ძირითადი შემადგენელი დეოკუპაცია და ჩართულობის პოლიტიკაა და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ორი პოლიტიკა სინქრონულად მიდიოდეს, რადგან 23 მაისს როგორი შედეგიც არ უნდა დადგეს, ეს დეოკუპაციას ვერ მოახდენს.
კონფლიქტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ სხვა კონფლიქტებისგან, მაგალითად, კვიპროსისგან განსხვავებით, სადაც სხვადასხვა დონეზე ოკუპანტად პირდაპირ თურქეთი ფიქსირდება, ჩვენთან მიმართებაში, ამგვარი სიცხადე დღემდე არ არის.
„ამაზე ჩვენ კი ვსაუბრობთ და ეს მრავალმა ორგანიზაციამაც დაადასტურა, მაგრამ ეს პროცესი განგრძობითია. თუ ამ მიმართულებით სხვადასხვა ადგილას წარმატებებს მივაღწევთ, ამით ჩართულობის პოლიტიკასთან მიმართებითაც მნიშვნელოვნად გაგვეხსნება ხელი“, – განაცხადა კანაშვილმა.
როგორც გიორგი კანაშვილმა განაცხადა, ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება არსებული საკანონმდებლო ბაზის ფარგლებში ძალიან რთულია, რადგან დღევანდელი კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია და კანონის შესარბილებლად საერთაშორისო გარანტიების გამყარებაა საჭირო, რომ პროცესი აღიარებისკენ არ წავა.
„ვფიქრობ, საერთაშორისო კონტექსტი იმგვარია, რომ პროცესი განსაკუთრებით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის და იგივე კატალონიაში მიმდინარე პროცესების შემდეგ, აღიარებისკენ არ წავა“, – განაცხადა კანაშვილმა.
კანაშვილის თქმით, ბოლო დროს, საკანონმდებლო დონეზე ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა და საკმაოდ საინტერესო პაკეტი შეიმუშავა, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ასოცირების ხელშეკრულების პროცესით გამოწვეული სიკეთეების განაწილებას გულისხმობს.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა იმედი გამოთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოსთვის სასარგებლო შედეგი დადგება.