გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებს საარჩევნო სიახლეები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებს საარჩევნო სიახლეები და ელექტრონული ტექნოლოგიები გააცნო. შეხვედრა არჩევნების საერთაშორისო დღეს გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ცესკო-ს ცნობით, გიორგი კალანდარიშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ კენჭისყრაშიც და პრაქტიკაში გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
„დღეს არჩევნების საერთაშორისო დღეა და სიმბოლურია, რომ საკონსულო თანამდებობის პირებთან გვაქვს შეხვედრა. ჩვენ გავუზიარეთ მათ ინფორმაცია იმ ნოვაციური სერვისებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ფართო მასშტაბით იქნება წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაცია, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველვყოთ არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. შესაბამისად, მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს და პერსონალურად ხათუნა თოთლაძეს ამ ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დასასრულს ცესკო-ს თავმჯდომარემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საკონსულო თანამდებობის პირები იყვნენ ინფორმირებული იმ ახალი ტექნოლოგიების და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ნერგავს ცესკო.
„მინდა, მადლიერება გამოვხატო ცესკო-ს მიმართ, რომელიც შემოგვიერთდა იმისათვის, რომ კიდევ უფრო კოორდინირებულად ვიმუშაოთ ერთად და საკონსულო თანამდებობის პირები იყვნენ ინფორმირებული იმ ახალი ტექნოლოგიების და შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ნერგავს ცესკო. დარწმუნებული ვარ, ასეთი ცოდნის გაღრმავების შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო უკეთესად შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.
საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თბილისში იმართება. ხუთდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.