გიორგი კალანდარიშვილი - ვისურვებდი, ცესკო-ს გრძელვადიანი ხელმძღვანელი ჰყავდეს, რადგან შესაბამისი პროექტების განხორციელებას შესაბამისი ხედვა და გრძელვადიანი სტრატეგია სჭირდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს მიაჩნია, რომ უმჯობესი იქნება, თუ ცესკო-ს გრძელვადიანი ხელმძღვანელი ეყოლება.
როგორც ჟურნალისტებს კალანდარიშვილმა განუცხადა, საერთაშორისო მიმართულებით არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ცესკო-ს თავმჯდომარის ექვსი თვის ვადით არჩევა.
„ჩემი უფლებამოსილება ერთი წლის განმავლობაში განვახორციელე და შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ისეთი, სადაც რაიმე მიკერძოების ან დამოუკიდებლობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ექნებოდა ადგილი, რაც ჩემი კანდიდატურის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, მაგრამ თუ საერთაშორისო პრაქტიკას გადავხედავთ, ცესკო-ს თავმჯდომარის ექვსი თვით არჩევა არ ხდება. არსად არ არის ასეთი მოკლე ვადა. ვისურვებდი, რომ ინსტიტუციას გრძელვადიანი ხელმძღვანელი ჰყავდეს, მე ვიქნები თუ სხვა, რადგან შესაბამისი პროექტების განხორციელებას შესაბამისი ხედვა და გრძელვადიანი სტრატეგია, ასევე მოცულობითი სამუშაოების განხორციელება სჭირდება. რა თქმა უნდა, ინსტიტუციის მდგრადობისა და სტაბილური განვითარების აუცილებელია მას გრძელვადიანად არჩეული ხელმძღვანელი ჰყავდეს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ორი კენჭისყრით არის განსაზღვრული. პირველ კენჭისყრაზე თავმჯდომარის არჩევისთვის საჭიროა 100 ხმა და მეორე კენჭისყრაზე – 76. თუმცა, 76 ხმით არჩეული თავმჯდომარე საქმიანობას ექვსი თვის ვადაში ახორციელებს, 100 ხმით – ხუთ წელი.