გიორგი კალანდარიშვილი - უსაფუძვლოა შეფასებები, თითქოს ცესკო არის მმართველი პარტიის რაიმე გავლენის ქვეშ, არ არსებობს არანაირი საფუძველი თუ ფაქტობრივი მტკიცებულება, ასეთი ტიპის დასკვნების გასაკეთებლად
უსაფუძვლოა შეფასებები, თითქოს ინსტიტუცია არის მმართველი პარტიის რაიმე გავლენის ქვეშ. არ არსებობს არანაირი საფუძველი თუ ფაქტობრივი მტკიცებულება, ასეთი ტიპის დასკვნების გასაკეთებლად, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად თავად შეხვდა ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და შეხვედრაზე მითითება ან მინიშნება რაიმე ტიპის მიკერძოებასთან მიმართებით არ მიუღიათ.
„აღნიშნულ განცხადებაშივე იყო საუბარი, რომ ეს გზავნილები და ინფორმაცია მოდის ქვეყნიდან. ცხადია, ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია ასეთი აბსოლუტურად უსაფუძვლო შეფასებები. ცესკო, როგორც ინსტიტუცია, გააგრძელებს სრულად გამჭვირვალე და საჯარო საქმიანობას, ქმნის ყველანაირ მექანიზმს, რათა პროცესზე ხელმისაწვდომობა და ინკლუზიურობა იყოს გათვალისწინებული. პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და შეხვედრაზე მითითება ან მინიშნება რაიმე ტიპის მიკერძოებასთან მიმართებით არ გაჟღერებულა. უფრო მეტიც, ჩვენ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ. გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას, ეს იქნება ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები თუ ნებისმიერი სხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია. გვექნება კონსტრუქციულ ფარგლებში ინფორმაციის მიმოცვლისა და სხვა საკითხების დაზუსტება. ინსტიტუცია არის ღია ყველა ასეთ შემთხვევაში და მომავალშიც ამ საკითხთან მიმართებით გვექნება აღნიშნული ინსტიტუციის წარმომადგენლებთან სათანადო კომუნიკაცია, რათა გავცვალოთ ინფორმაცია, რომელიც მათ მისცემს სათანადო სწორი შეფასებების გაკეთების შესაძლებლობას“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.